logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტერმიტი" საბავშვო ფეხსაცმლის წარმოების განახლებას გეგმავს

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "ტერმიტი" საბავშვო ფეხსაცმლის წარმოების განახლებას გეგმავს. კომპანია საბავშვო ფეხსაცმელს აქამდეც აწარმოებდა, თუმცა პანდემიის გამო აღნიშნული მიმართულება დაპაუზებული ჰქონდა. "ტერმიტის" დამფუძნებლის მიხეილ ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბავშვის განახლებულ კოლექციას კომპანია გაყიდვაში, სავარაუდოდ, მაისში ჩაუშვებს. 

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, საბავშვო ფეხსაცმლის ასაკობრივი კატეგორია 0-დან 15-თვემდე იქნება.

„აღნიშნული ხაზი გაიყიდება ადგილობრივად ჩვენს ფილიალებში და ასევე, ონლაინ. დღეს მაღაზიებში არსებული ბავშვის იმპორტირებული ფეხსაცმელი არის ძალიან ძვირი. ჩვენ გვერდს ვუვლით ორთოპედიას და ეს იქნება ხელში ჭერის პერიოდის ბავშვის ე.წ. ფაჩუჩი, რომელიც ძირითადად იქნება სასაჩუქრე. მასზე დატანილი იქნება ბავშვის სახელი, გვარი და ჩვენი ბრენდი. აღნიშნულს სასაჩუქრედ იყენებენ, როგორც პირველ ფეხსაცმელს. ერთგვარი ტრადიციაც არის პირველი ფეხსაცმლის ჩუქება. ბავშვის ფეხსაცმელს წინა გამოშვების დროს ვყიდდით, თუმცა პანდემიის პერიოდში სხვა მიმართულებაზე გადავერთვეთ და აღნიშნული დავაპაუზეთ“, - აცხადებს მიხეილ ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, „ტერმიტი“ უნაგირებსაც აწარმოებდა, თუმცა აღნიშნული მიმართულებაც ასევე, დაპაუზებული ჰქონდა. როგორც მიხეილ ბერძენიშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, კომპანიას უნაგირების მასიური წარმოება არ აქვს, თუმცა ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებს.

ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტული იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს.

გამოგვყევით