logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აჩინებულის"  მიერ წარმოებული ვაშლის ძმარი ბაზარზე იანვრიდან გამოჩნდება

წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის"  მიერ წარმოებული ვაშლის ძმარი ბაზარზე იანვრიდან გამოჩნდება. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გოჩა ღვინეფაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ვაშლის ძმარი 100%-იანი ბუნებრივი პროდუქტისგან არის დამზადებული და ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

„ვაშლის ძმრის პროდუქტი დავამზადეთ, ახლა დიზაინის საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახალი პროდუქტი იანვრიდან ჩვენი ბრენდის, „ალალის“, სახელით გამოვა. ვაშლის წვენი გვაქვს და ახლა ძმარსაც დავამზადებთ. 100%-იანი ბუნებრივი პროდუქტია და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება.

იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს ბაზარი ვაშლის ძმრის ამ სახეობას, სხვა სახეობის ძმრის წარმოებასაც ვგეგმავთ. ნელ-ნელა გვინდა, ხილის წვენებისგან ბრენდებიც დავამზადოთ. ატმისგან დამზადებული სპირტიანი სასმელი უკვე დამზადებულია და ახლა სატესტო ვარიანტში გვაქვს“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

გარდა ამისა, მან ექსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს კანადასა და ესტონეთთან აწარმოებს.

„ამ ეტაპზე ჩვენს ძველ პარტნიორ ავსტრალიასთან 20%-ით გავზარდეთ ბრუნვა. ახალი შემოთავაზებები გვაქვს კანადასთან. არ ვიცი, როგორ დასრულდება მოლაპარაკება. უკრაინაში კიდევ ერთი ახალი პარტნიორი ავიყვანეთ, მაგრამ დაბომბვებმა ხელი შეგვიშალა. ესტონეთთან გვაქვს ახალი მოლაპარაკება. დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და უკრაინასთანაც ვმუშაობთ“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

რაც შეეხება კომპანიის მიერ უკვე წარმოებული პროდუქციის  გაყიდვების დინამიკას წინა წელთან შედარებით, კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორთან აღარ თანამშრომლობენ, რაც გაყიდვებზეც აისახა.

„წელს გაყიდვები ვერ გავზარდეთ, რადგან შიდა ბაზარზე ერთი პარტნიორი ჩამოგვშორდა - მათ ნატურალური წვენი საკუთარი მოხმარებიდან ამოიღეს. ამ კომპანიას შიდა ბაზარზე ჩვენს გაყიდვებში საკმაოდ დიდი წილი ჰქონდა.

ახლა ვცდილობთ, ეს საკითხი ექსპორტით დაბალანსდეს, მაგრამ ზრდა მაინც არ გვექნება. სანამ აღნიშნული პარტნიორი ჩამოგვშორდებოდა, შიდა ბაზრის წილი ექსპორტს გაუთანაბრდა, მაგრამ ახლა ექსპორტის წილი დაახლოებით 70%, ხოლო შიდა ბაზრის- 30% იქნება“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

გამოგვყევით