IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.
გაგაცნობთ წლევანდელ კონკურსის ჟიურის უცხოელ წევრებს:
სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით.
რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ის შესყიდვების დირექტორი.
ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ის ხელმძღვანელი და ახალი ბრენდების გულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას.
ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსი სომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ის მეორე ადგილის მფლობელი.
დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ.
სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიე და ბაიერი.
ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პოტენციალის მიმართ.
საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მსაჯთა გუნდს შეუერთდებიან ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივი სპეციალისტებიც, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში გაიმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.
ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გაიხსნა და 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. დარეგისტრირებული ნიმუშების მიწოდება მოხდება 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6) ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia სპონსორია მეღვინეობა „თელიანი ველი“.