logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაშა დოლიძე: სოფლის მეურნეობის სექტორის დინამიკის შეფასებისას ცალკეული მაჩვენებლის ზრდა ან კლება სრულ სურათს ვერ ასახავს

ლაშა დოლიძე: სოფლის მეურნეობის სექტორის დინამიკის შეფასებისას ცალკეული მაჩვენებლის ზრდა ან კლება სრულ სურათს ვერ ასახავს

1790340493

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. სექტორის მდგომარეობის შეფასებისას მხოლოდ ცალკეული პროდუქციის წარმოების მოცულობის შედარება სრულ სურათს ვერ აჩვენებს - მნიშვნელოვანია პროდუქტიულობის, წარმოების ღირებულების, მეურნეობების კომერციალიზაციისა და საექსპორტო შესაძლებლობების დინამიკის გათვალისწინებაც.

ამასთან, სოფლის მეურნეობის მონაცემების შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლიდან სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევის შერჩევის ბაზა განახლდა და 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაეფუძნა. შესაბამისად, 2014 წლიდან მიღებული მონაცემების, 2006-2013 წლების მონაცემებთან პირდაპირ შედარება მეთოდოლოგიურად გამართლებული არ არის.

„სოფლის მეურნეობის სექტორის დინამიკის შეფასებისას ცალკეული მაჩვენებლის ზრდა ან კლება სრულ სურათს ვერ ასახავს. სექტორში მიმდინარე ცვლილებები ერთდროულად მოიცავს პროდუქტიულობის ზრდას, მეურნეობების კომერციალიზაციას, წარმოების სტრუქტურის ცვლილებას, ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოზიციების გაფართოებას”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ.

ბოლო წლებში რიგ კულტურებში ნათესი ფართობების შემცირების მიუხედავად, გაიზარდა მოსავლიანობა. მაგალითად, სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2012-2025 წლებში 2.4 ტონიდან 3 ტონამდე გაიზარდა, ხორბლის - 1.7 ტონიდან 2.9 ტონამდე, ხოლო კარტოფილის მოსავლიანობამ 2025 წელს ჰექტარზე 14-15 ტონას მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დღეს შედარებით მცირე ფართობიდან უფრო მეტი პროდუქციის მიღებაა შესაძლებელი.

ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მეცხოველეობის სექტორში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირების პარალელურად, ერთი ფურისა და ფურკამეჩის წლიური წველადობა 2012 წელს 1 256 ლიტრიდან 2025 წელს 1 716 ლიტრამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ძროხის ხორცის წარმოებამ 16 ათასი ტონიდან 24 ათას ტონაზე მეტს მიაღწია. ეს ტენდენციები მიუთითებს პროდუქტიულობის ზრდაზე და სექტორის ეტაპობრივ გადასვლაზე უფრო კომერციულ წარმოებაზე.

სოფლის მეურნეობაში თანდათან მცირდება თვითუზრუნველყოფაზე ორიენტირებული მცირე მეურნეობების წილი და იზრდება კომერციული და ინდუსტრიული წარმოების მნიშვნელობა. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცხოველეობისა და რძის სექტორებისთვის, სადაც თანამედროვე წარმოების განვითარება მაღალი კაპიტალისა და ცოდნის საჭიროებას უკავშირდება.

სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ეკონომიკური შედეგებიც. 2012-2025 წლებში პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოშვების ღირებულება თითქმის სამჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მეურნეობების მომგებიანობის მაჩვენებლებიც. 2015-2025 წლებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა ოთხჯერ მოიმატა და 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო ჩამონათვალს ახალი პროდუქტები, მათ შორის მოცვი, შეემატა და ქართული პროდუქცია ახალ ბაზრებზე დამკვიდრებას აგრძელებს.

გამოგვყევით