„აგროდაფინანსების ახალი პროგრამა ვერ მუშაობს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ “აგრო 1959-ის“ მმართველმა პარტნიორმა განაცხადა. გიორგი ხანიშვილის თქმით, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს პროგრამა ძველი რედაქციით.
„მე როცა ამ პროგრამაზე მიდიოდა მსჯელობა ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ამაზე ვსაუბრობდი. დღეს უკვე სკეპტიკური მსჯელობა აღარ არის საკმარისი. ეს პროგრამა ვერ მუშაობს. შეიცვალა უმთავრესი რამ, რაც ფერმერს აბრკოლებთ - წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, რაც ისედაც რთული იყო და კიდევ უფრო გავართულეთ. ფერმერს მოვთხოვეთ ჯერ დახარჯოს თავისი ფული და მერე აუნაზღაურებს მას სახელმწიფო. შესაბამისად, ბანკს გავურთულეთ პირობა რომ დააფინანსოს ფერმერი,"-აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
მისივე თქმით, ფერმერს რომელსაც უნდა განახორციელოს 200 ათას ლარიანი პროგრამა, მას ეს ფინანსები არ აქვს, რის გამოც სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტები გაჩერდა.
"მან ჯერ უნდა დახარჯოს ეს თანხა, რომელიც არ აქვს. ამას არავითარი საერთო რისკების დაზღვევასთან არ აქვს. ყველაფერი გაჩერდა. სასწრაფოდ არის მისაღები გადაწყვეტილება არსებული პროგრამის შეცვლისთვის, რასაც სჭირდება დიდი დრო. უნდა ვთქვა, მე მგონია, უნდა დაბრუნდეს სასწრაფოდ ძველი რედაქცია იმისთვის რომ არ შევაფერხოთ სოფლის მეურნეობის წარმატებული სვლა. მე ფერმერი ვარ და ვხედავ, რომ ფერმერისთვის გართულდა ყველაფერი. ახლა აღარ მისაუბრია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, თუმცა მანამდე ისინი აღნიშვნავდნენ, რომ თუკი ამ პროგრამამ არ იმუშავა ისე, როგორც მოლოდინია, მას გადახედავენ. ეს დრო უკვე დადგა. სოფლის მეურნეობა ვერ ითმენს. დაკარგული ერთი თვე ხშირად ერთი წლის ტოლფასია. რაც უნდა გააკეთო შემოდგომით, ის თუ არ გააკეთე, მომავალი წლის შემოდგომამდე ვეღარაფერს იზამ. კარგია ის, რომ ბევრი რამე გაერთიანდა. თითქოს, გამარტივდა პროგრამა. ცუდია ის, რომ დარჩა ჩამკეტი ზღვრები და დიდი მეურნეობის განვითარებას ხელს არ უწყობს, სისტემური პროექტები როგორიც იყო აგროკრედიტი აღარ მუშაობს. ბანკები თავს იკავებენ ფერმერების დაფინანსებისგან, რადგან არ იციან როგორ განხორციელდება პროექტი,"-აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
მისივე თქმით, 2026 წელს საქართველოდან 1.3 მლრდ დოლარის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გავიდა.საქართველოს სოფლის მეურნეობა დინამიურად ვითარდება, აქვს წარმატებული შედეგები, თუმცა ეს სასურველთან მიახლოებულიც კი არ არის.
"წარმატებები სოფლის მეურნეობაში არის და ეს ცალსახად იმ პროგრამების დამსახურებაა რომელიც 2013-14 წლების შემდეგ არსებობდა. არამარტო საქართველოში, მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ სოფლის მეურნეობას, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს თანადგომის გარეშე. ის, რომ სახელმწიფოსგან სოფლის მეურნეობას სჭირდება დახმარება, უტყუარია, თუმცა საქმე ისაა როგორ, რა მეთოდით და რა სტრატეგიაზე აწყობილი."- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.