logo
Loading data...

პროექტი "ქარხანა ბორბლებზე" უვადოდ გაგრძელდება - ანა მიქაძე -ჩიკვაიძე

პროექტი "ქარხანა ბორბლებზე" უვადოდ გაგრძელდება - ანა მიქაძე -ჩიკვაიძე

1713868140

''ქარხანა ბორბლებზე" პროექტი „ქართული ყველის“ მეორე ეტაპია, რომელიც 2023 წელს დაიწყო. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტის პირველი ეტაპი მეწარმეების აღმოჩენა, ფესტივალების  დაარსება, ყველის პოპულარიზაცია, დახლებზე დაბრუნება და  საწარმოების შექმნა იყო.

ეს ეტაპი დასრულდა. თუმცა, მეორე ეტაპი ''ქარხანა ბორბლებზე" უვადოა, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად გაგრძელდება. პარალელურად დაიწყება მესამე ეტაპის განხორციელება - ქართული ყველის შეფუთვა და ქვეყნის გარეთ გატანა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ინფორმაციით, პროექტმა  საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და მაქსიმალურად ცდილობს გამოცდილების გაზიარებას მეწარმეებისთვის, რომლებსაც არტიზანული ყველის წარმოების რესურსი აქვთ, მაგრამ  ცოდნის ამაღლება სჭირდებათ. 

რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.  

''ყველა რეგიონში 2-3 ყველი მაინც არის,  რომლის წარმოებაც დაწყებულია. ის სამეურნეო კულტურა, რაც გვაქვს, დავაფიქსირეთ და მსოფლიოს ვუთხარით, რომ ქართული  ყველი უძველესია, როგორც ღვინო, ძირძველი წარმოება გვქონდა, ჭურჭელიც გვაქვს შესაბამისი, არქეოლოგია შესწავლილია, ეთნოგრაფია, საკუთარი ფესტივალი გვაქვს.  ახლა საჭიროა ეს ყველაფერი გარკვეულ სტანდარტთან მივაახლოოთ. ვუზიარებ ინფორმაციას,  მეწარმეებს ვესაუბრები მსოფლიო გამოცდილებაზე, ჩვენთან მიღწეულ მარეგულირებელ დოკუმენტებზე, ვუყვები, რამ შეიძლება მისი საქმიანობის გაჩერება გამოიწვიოს. ამ ინფორმაციის გაზიარებაში კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევთ წინ ქართული ყველის განვითარებაში. ერთია რომ დიდი ტრადიცია გვაქვს და ყველა რეგიონს აქვს დამახასიათებელი ნიშა, დავრწმუნდით გემოვნურ თვისებაში,  კარგია მეგრული და სვანური სულუგუნი, მაგრამ ასევე უნიკალურია გვაჯილა (ლეჩხუმური სულუგუნი), ამ ტერმინის  არსებობა ბევრმა  დღემდე არ იცის, მაგრამ ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ლამაზად უნდა შეიფუთოს", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

რაც შეეხება პროექტის მესამე ფაზას, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება. 

როგორც ყველი მკვლევარი განმარტავს, მცირე ფერმერების პრობლემა სურსათის უვნებლობის საკითხია. ძველი ტრადიცია მოშლილია და  აქამდე წარმოება ფაქტობრივად ნებაზე იყო  მიშვებული, რასაც უკვე ორგანიზებული ფორმა უნდა მიეცეს და სფერო განვითარდეს.

''პროექტის მიზანია, არტიზანულ საწარმოებში შევიდეს ცოდნა. მაგალითად,  მსოფლიოში საუკეთესო ფრანგული ყველია კამემბერი, რომელსაც თავის დროზე სოფელ კამემბეში მონაზვნები აწარმოებდნენ.  ამას მოჰყვა შემდეგში ამ ობის რაგვარობის შესწავლა. აღმოაჩინეს, რომ  ძალიან სასარგებლოა  ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით ომის დროს, უგვარებს გაციების პრობლემას ანუ გამოუჩინეს ყველს შესაბამისი მომხმარებელი. ის ობზე, რომელიც  წარმოიშვა კამემბერის და გორგონძოლას შემთხვევაში (ასევე ობიანი ყველების შემთხვევაში),  მწარმოებლების და სახელმწიფოს მიერ დადგინდა რაგვარობა და მერე უკვე მათი კულტივირება. ახლა მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია უამრავი კომპანიისგან შეიძინო სხვადასხვა ტიპის ობი და საკუთარ  წარმოებაში მოიხმარო. ასე ვითარდებოდა ყველის წარმოება მსოფლიოში და ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ", - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".

ცნობისთვის,  პროექტი ''ქარხანა ბორბლებზე" ანა მიქაძე ჩიკვაიძემ 2023 წელს დაიწყო. ამასთან,  2010 წლიდან არის ა(ა)იპ ‘’საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარე.  ფესტივალების ‘’ქართული ყველი’’ (ავტორი) და კავკასიური ყველი’’ ორგანიზატორი. 

ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით