logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანაში დაკლული პირუტყვების რაოდენობა შემცირებულია" - FAO-ს პროექტის მენეჯერი

საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე ახალი გაერთიანება დაფუძნდა, რომელიც ხორცის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს აერთიანებს.

როგორც FAO-ს პროექტის მენეჯერი, მიხეილ სოხაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აცხადებს, მესაქონლეობაში ადგილობრივი წარმოების წილი დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ხოლო ქვეყანაში დაკლული პირუტყვების რაოდენობა შემცირებულია.

მისივე განმარტებით, ერთიანი პლატფორმის შექმნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს.

"ქვეყანაში დაკლული პირუტყვის რაოდენობა შემცირებულია, ტენდენცია დადებითია, რადგან ჯიშების გაუმჯობესება მიმდინარეობს. კერძოდ, იმავე რაოდენობის პირუტყვისგან უფრო მეტი ხორცი მიიღება. ზოგადად, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა მარკეტში ერთდროულად ვერ იქნება წარმოდგენილი, ამიტომ პროცესში მოსახლეობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ზოგჯერ თავად მარკეტის მეპატრონეებმაც არ იციან, რომ შეცდომას უშვებენ. ამასთან, მომხმარებლებმა პროდუქტის ეტიკეტის სწორად წაკითხვაც უნდა ვისწავლოთ.

ასოციაციის პირველმა შეხვედრამ ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა - მასში სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: იმპორტიორები, ექსპორტიორები და ფერმერები. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდათ, საბოლოოდ ძალიან ბევრი საერთო გამონახეს. ბიზნესში სწორი მიდგომის შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია საერთო ინტერესების გამონახვა. ასევე, სახელმწიფოსთვისაც გაცილებით მარტივია, როდესაც კომუნიკაცია ერთ ორგანიზაციასთან აქვს და არა ცალ-ცალკე ბევრ ადამიანთან", - აცხადებს მიხეილ სოხაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე ახალი გაერთიანება დაფუძნდა, რომელიც ხორცის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს აერთიანებს. ასოციაცია FAO-ს მიერ განხორციელებული პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის მიკვლევადობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესებას.

გამოგვყევით