logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო უკვე გამოსულია" - დავით სონღულაშვილი

“1961 წლის შემდეგ,  ღვინის მოხმარება დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს განსაკუთრებით ბოლო ათ წელშია თვალშისაცემი. რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ თუ არ მივიღეთ კატეგორიული გადაწყვეტილებები შეუძლებელი იქნება რომ ხვალ, ზეგ ჩვენი ღვინო იყოს კონკურენტუნარიანი.” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

დავით სონღულაშვილის  თქმით, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყანაში მოხდეს ხარისხიანი ღვინის წარმოება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირველი მაისიდან დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც  სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მევენახეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება.

“მაშინ,  როცა მსოფლიო ღვინის ბაზარი მცირდება და როცა  საფრანგეთი აფინანსებს ბორდოში ვენახების შემცირებას, ჩვენ უნდა განვახორციელოთ შესაბამისი სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ღვინის სექტორი უფრო მეტად განვითარდეს, ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ხარისხიანი ღვინო შეუძლებელია მივიღოთ ხარისხიანი ვენახის გარეშე, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ვაზს, ეს ნიშნავს რომ სწორ ადგილას, სწორი თანმიმდევრობით, ვაზის ჯიშით იყოს გაშენებული ვენახი და მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი. ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია კიდევ უფრო მკაცრები არიან ნებართვებთან მიმართებით. ჩვენ მხოლოდ სამეწარმეო ვენახებთან მიმართებით ვითხოვთ ნებართვებს და არა სამამულო ვენახების ნაწილში. ჩვენ ვართ მცირე მიწიანი ქვეყანა, ჩვენ უნდა შევქმნათ უნიკალური ხარისხიანი პროდუქცია. იმიტომ რომ, საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ უნდა ასოცირდებოდეს ხარისხის ნიშანთან.”- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე განმარტებით სახელმწიფო უკვე გამოსულია ვენახების სუბსიდიიდან.

“სუბსიდიიდან სახელმწიფო უკვე გამოსულია. სახელმწიფო დღეს არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი და ეს ნიშნავს,  რომ არცერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა მისი ნაშრომის ჩაბარების. თუმცა, არ შეიძლება იქ, სადაც სარწყავი ადგილებია და სადაც არასდროს ვენახი არ ყოფილა , მხოლოდ  იმიტომ რომ სახელმწიფო ჭარბი მოსავლის ჩაბარების გარანტორია, ეს აქციოს სპეკულაციის საგნად და გააშენო ვენახები, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები უხარისხო პროდუქციის გაშენების. მე უნდა ვიყო იმის გარანტი, რომ ხარისხიან ყურძენს ექნება შესაბამისი დაფასება და შეფასება. თუ ვინმემ იცის ვენახის შრომის ფასი, მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ, ექვსი თაობაა რაც ჩვენს ოჯახს ვენახი აქვს და ზუსტად ვიცი რა სჭირდება ხარისხიანი ღვინის დაყენებას. არ შეიძლება ჩვენ წავახალისოთ უხარისხო ვენახის წარმოება.შარშან იყო სატესტოდ ხარისხობრივი დაყოფა და წელს იქნება გრადაცია და ყურძნის ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც ხაზს უსვამს რომ იყოს ხარისხიანი პროდუქცია.”-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გამოგვყევით