საქართველოს შიდა წყლებში თევზის წარმოება უახლოეს წლებში გახუთმაგდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, ქვეყნის შიდა წყლებში, დაახლოებით, 3 ათას ტონა თევზი იწარმოება და ეს მაჩვენებელი 15 ათას ტონამდე უნდა ავიდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს, სხვა რიგ საკითხებთან ერთად, საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა.
„სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 2024-2028 წლებს მოიცავს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. ამ დოკუმენტმა საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობა მისცეს, სწორად განსაზღვროს დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები, ასევე სრულად შეძლოს აკვაკულტურის დარგის ტრანსფორმაცია. ცხადია, ეროვნულ სტრატეგიაში მითითებულია ისიც, რომ საქართველომ აქ წარმოებული თევზის ხარისხი ისე უნდა გააუმჯობესოს, რომ პროდუქტი ექსპორტზე ევროკავშირის ბაზრებზე გავიდეს. გარდა ამისა, იგეგმება იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლებაც“, - აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.
ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოში თევზის იმპორტი ექსპორტს კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს. "საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს თევზის იმპორტმა ღირებულებაში, თითქმის 10 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ექსპორტს 4-ჯერ აღემატება. ორი უმსხვილესი ბაზარი, საიდანაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თევზი შემოდის, ნორვეგია და თურქეთია.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ამჟამად ბოლო მონაცემს წარმოადგენს, ქვეყანამ 2 469 ტონა თევზი აწარმოვა.