“აგრო 1959-ის“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ მევენახეობის სექტორში რაოდენობრივიდან ხარისხობრივ მაჩვენებელზე გადასვლის სტრატეგია მისასალმებელი იყო. რადგან ქვეყანაში სწორედ ხარისხიანი ყურძნის დეფიციტია.
როგორც გიორგი ხანიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განმარტა, 3-4 წელი დასჭირდება იმას, რომ მევენახეებმა ხარისხიანი ყურძნის მოყვანა დაიწყონ.
“ ის ძირითადი წარმატებები, რაც სოფლის მეურნეობას აქვს, ხშირად ასეთი პროტესტების ფონზე იკარგება. ის, რაც საქართველოში მევენახეობის კუთხით მოხდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქ სახელმწიფოს პოზიცია სტრატეგიული მიმართულებით ცალსახად შემიძლია გავიზიარო. სახელმწიფო არის მართალი, როცა ამბობს, რომ რაოდენობრივიდან ხარისხობრივ მაჩვენებელზე უნდა გადავიდეს. ძალიან რთულია, მე მესმის მევენახეების, როდესაც 30 თეთრზე ვსაუბრობთ, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, ყურძენზე? სამწუხაროდ ეს არ არის ყურძენი. მინდა გითხრათ, რომ ყურძენი, რომელიც არაკონდიციურია - არაა ყურძენი. ეს არ ნიშნავს, რომ მევენახემ ფული არ დახარჯა, კრედიტი არ აიღო, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შევძლოთ ეფექტური ხარჯის გაწევა. მე მქონდა შემთხვევები, როცა 25-30-35 ტონა რქაწითელზე იყო საუბარი. ასეთ მოსავალს რქაწითელი არ იძლევა. როდესაც საუბარია რომ ყურძენი ლპება სწრაფად, ამას აქვს თავისი მიზეზი და ესაა ჭარბი აზოტი, ჭარბი წყალი" -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ხარისხიანი ყურძნის პრობლემა და დეფიციტია. ამიტომ, ნებისმიერი ქარხანა კარგ პროდუქტს ეძებს და კარგ ფასად იბარებს.
„ხარისხიან ყურძენში არა 30 თეთრს, არამედ გაცილებით მაღალ თანხას იხდიან. ყოველ წელს ასე იყო. ჩვენ შეგვიძლია ფერმერი გავხადოთ კონდიციურ ყურძენზე ორიენტირებული. სამი-ოთხი წელია მაინც საჭირო, რომ ჩვენ ვენახები და ფერმერი მივიყვანოთ იმ ზომამდე, რომ პესტიციდების, სასუქების არამართლზომიერი მოხმარება შეწყვიტონ. რადგან ეს ხელს უწყობს უხვი მოსავლის მიღებას, მაგრამ ხარისხობრივ გაუარესებას. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხარისხიანი ყურძნის მოსავალზე ორიენტირებით,"-აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით იყო განსაზღვრული. თუმცა მევენახეების პროტესტის ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გაიზარდა. ახალი ფასები ასე გამოიყურება.
მაღალკონდიციური ყურძენი:
20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;
19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;
16 გრადუსამდე, არაკონდიციური ყურძნის ფასი 50 თეთრი, ხოლო ჰიბრიდის - 30 თეთრი.