საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სეზონის შედეგები, როგორც ექსპორტის ისე შემოსავლების კუთხით რეკორდულია. ამ დრომდე 41 000 ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, რის შედეგადაც ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 25 მლნ დოლარს გადააჭარბა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, სეზონი გამორჩეული იყო.
„რეკორდული რაოდენობის საექსპორტო მაჩვენებელს მივაღწიეთ. 41 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული და შემოსავალი 25 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ძალიან გვახარებს. რადგან ეს თანხა მიემართება ფერმერებისკენ, მათი შემოსავლის წყაროა.“-აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
მისივე განმარტებით, ხარისხიან პროდუქციას რეალიზაციის პრობლემა არ აქვს.
„თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ გარდა ხარისხიანი პროდუქციისა, სამწუხაროდ, არის არასტანდარტული ზომის მანდარინიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური თანადგომით შემუშავებული პროგრამით კი არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პრობლემაც არ ყოფილა. ჩემი ინფორმაციით, 12 000 ტონაზე მეტი ციტრუსი იქნა რეალიზებული ამ პროგრამის ფარგლებში. ეს დაახლოებით 3.5 მლნ ლარია. 30 თეთრი იყო ჩაბარების ფასი.“-აღნიშნავს თენგიზ ნასარიძე.
მისივე თქმით, ციტრუსი განსაკუთრებული შეფერხების გარეშე იქნა რეალიზებული.
„თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კლიმატურ პირობებს, რაც ზამთრის დროს ტრანსპორტირებისას არის ხოლმე, რაიმე სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა. ზოგადად, მანდარინი თავისი თვისებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რომ მისი სწრაფად რეალიზება უნდა მოხდეს, მეზობელ ქვეყნებში იყიდება. ტრადიციულად ეს რუსეთის ბაზარიც არის, თუმცა სომხეთიდანაც აქტიური მოთხოვნა იყო,“-აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.