logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს პარლამენტმა სებ-ის 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სებ-ის 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

1764083458

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, ეკონომიკაზე მისი გადაცემის ეფექტიანობის გათვალისწინებით, თანმიმდევრული ნაბიჯები როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების მიმართულებით, საქართველოში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ოქტომბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა განაახლა მაკროეკონომიკური პროგნოზები. მიმდინარე ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4.0%-ს შეადგენს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციისა და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ხაზი გაუსვა მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და აღნიშნა, რომ მას მეტწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს. კერძოდ, წარმოების პოტენციალის გაუმჯობესება ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის ფასებზე გავლენას გარკვეულწილად ანეიტრალებს.

„წინასწარი მონაცემებით 2025  წლის 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.4% იქნება. შემდგომ წლებში რეალური აქტივობის ზრდის ტემპი მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ ნორმალიზებას განაგრძობს“, - აღნიშნა მან.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა და სამომავლო ტრაექტორიის შესახებ გადაწყვეტილება პროგნოზებზე დაყრდნობით მიიღება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეთ პირობებში კი მაღალია პროგნოზიდან გადახრის რისკები.

„ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი რეაგირებს იმგვარად, რომ ნებისმიერი იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი მინიმიზებული იყოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მოხსენების წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდეტნმა ასევე ისაუბრა გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მაღალ ეკონომიკურ გაურკვევლობასა და  სწრაფად ცვალებად გარემოზე. მან ხაზი გაუსვა ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისე შემცირების, მიმართულებით მოქმედ რისკებს, როგორიცაა ენერგომატარებლებსა და სურსათის ნედლეულზე ფასების, ასევე ტრანსპორტირების ღირებულებისა და რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია, და სხვა. მისი შეფასებით, აღნიშნული რისკების გავლენის მინიმიზაციის მიზნით, ოპტიმალურია მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციისადმი ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება

„მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით მომზადებული მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. საშუალოვადიან პერიოდში კი, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მილევის პარალელურად, განაკვეთი მისი ნეიტრალური დონის, მიმდინარე შეფასებით 7%-ის ფარგლებში გარშემო დასტაბილურდება. აღსანიშნავია, რომ  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოსვლაში სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე.

„სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვები 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა“,  - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ, მოხსენების ფარგლებში, მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის გაძლიერებისათვის და ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა. 

„ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 58 პროცენტი ლარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურ პირების სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ, ფიზიკური პირების სესხების 76.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ლარიზაციის პოლიტიკაზე. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. ოქტომბრის მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 51.2 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული.

ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

"იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტამგ ცინცაძე

ეკონომიკა

გამოგვყევით