საქართველოში თევზის წარმოება ბოლო 4 წელია მცირდება. 2021 წლიდან დღემდე, კლება დაახლოებით 14%-ს შეადგენს. როგორც საქსტატის აკვაკულტურის სექტორის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, გასულ წელს საქართველოში 2 452 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 17 ტონით ჩამორჩება 2023 წლის მონაცემს.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას წარმოების კლების მთავარ მიზეზად, დარგის ექსპერტები ახალ რეგულაციებს ასახელებენ, რომელსაც აკვაკულტურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს და რომელიც თავის მხრივ, 2023 წლის მარტიდან ამოქმედდა.
როგორც FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი ამბობს, კანონის მიხედვით, აკვაკულტურის წარმოებისთვის აუცილებელია გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიების აღება და სწორედ მათ საფუძველზე საქმიანობის განხორციელება.
შესაბამისად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ მეურნეობებმა, რომელთათვისაც ძირითადი საქმიანობა არ იყო ეს საქმე, ნებართვები არ აიღეს და შესაბამისად, თევზის წარმოება შეაჩერეს, რაც აისახა კიდეც სტატისტიკურ მაჩვენებლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის შემდეგ, თევზის წარმოება ყველაზე მეტად შიდა ქართლში შემცირდა. კერძოდ, თუ გასულ წელს რეგიონში 882.2 ტონა თევზი აწარმოვეს, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 750.3 ტონაა იყო.
„თუმცა, მიუხედავად კლების ამ დინამიკისა, ვფიქრობთ, რომ ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს თევზის წარმოებაზე ჩვენს ქვეყანაში და მომდევნო წლებში, ზრდის მაჩვენებლებზე გავალთ, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს “საქართველოს აკვაკულტურის 2024-2028 წლების ეროვნული სტრატეგია”. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების სულ მცირე ხუთჯერ გაზრდა“, - განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.
რაც შეეხება თევზის ფასებს საქართველოში, ასევე საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში, თავად ფერმაში შეძენილი 1 კილოგრამი თევზის ფასი საშუალოდ 12 ლარი და 75 თეთრი იყო და სახეობების მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითისთვის, ყველაზე ძვირი ზუთხის სახეობა ღირდა და ერთ კილოგრამზე 26 ლარს აღწევდა, ყველაზე იაფი კი - თეთრი და ჭრელი სქელშუბლა იყო, კილოგრამზე 6 ლარის ღირებულებით.
დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში წარმოებული თევზი, რიგ შემთხვევაში, იმპორტირებულთან შედარებით ძვირი ღირს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, ამ სიძვირეს თვითღირებულება განსაზღვრავს, რაც საკვების ფასის გამოა მაღალი. როგორც იცით, საქართველოში თევზის საკვების წარმოება თითქმის არ ხდება და ის იმპორტირებულია.
„თუმცა, მიუხედავად მაღალი ფასისა, ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ანიჭებს. აქ გასათვალისწინებელია ქართული თევზის ხარისხიც, რომელიც საკმაოდ მაღალია და ეს ლაბორატორიული კვლევებითაც დასტურდება. ამ ხარისხიდან გამომდინარე, ქართული აკვაკულტურის პროდუქციას აქვს პოტენციალი, რომ საექსპორტო ბაზრებზეც შეძლოს გასვლა, როცა წარმოება გაიზრდება და ნელ-ნელა მისი ფასიც კონკურენტუნარიანი გახდება“, - აღნიშნავს FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი.
ცნობისთვის, საქართველოში აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა - ანუ თითქმის 22% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა კახეთი, მესამეზე კი - შიდა ქართლი. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 10% კი საწარმოებზე.