10 დეკემბერს, ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. კომიტეტის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ნომინაციას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სესიის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციას UNESCO-ს გენერალური დირექტორის ხელმოწერილი სერტიფიკატი გადაეცემა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს იმ სრულ ციკლს, რომელიც ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს: მიწის მომზადებისა და თესვის ტრადიციულ ტექნიკებს, მახისა და ზანდურის მსგავს ნახევრად ველური პურეულის სახეობების მოყვანის უნიკალურ პრაქტიკებს, მკასა და მოსავლის აღების ტრადიციულ მეთოდებს, ასევე კულტურული მარცვლის შენახვის ძველ ფორმებს ბეღლებში, ხაროებსა და მიწის ორმოებში. ეს ყველაფერი სცდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და წარმოადგენს ქართული ყოფიერების, სოციალური ურთიერთობებისა და თაობათა გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილს. მის განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ასევე პურისცხობის ტრადიცია - თონეში, ფურნეში, კერასა და კეცზე დამზადებული უძველესი და რიტუალური პურების მრავალფეროვნება, რომლებიც ქართულ კულტურაში ბარაქის, ერთობისა და სიწმინდის სიმბოლოდ მიიჩნევა. თესვიდან პურის გამოცხობამდე გამავალი უწყვეტი ტრადიციები ქმნის იმ არქაულ, ცოცხალ მემკვიდრეობას, რომლის დაცვასა და გადაცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკო.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ხდება მეხუთე ქართული კულტურა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი - „ქართული მრავალხმიანობის“, „ქვევრის ღვინის ტრადიციული დამზადების მეთოდის“, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ და „ქართული ჭიდაობის“ შემდეგ.
