logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამეწარმეო ვენახების გაშენების ახალი წესი ყურძნის ხარისხის ზრდას ხელს შეუწყობს" - "ღვინის ქურდები"

სამეწარმეო ვენახების გაშენების ახალი წესი ძალიან კარგი იქნება და ყურძნის ხარისხობრივ ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ მეღვინეობა "ღვინის ქურდების" თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა "ბიზნესპარტნიორთან"  „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის“ შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი რეგულაციების ამოქმედებისა და სუბსიდირების მოხსნის შემთხვევაში, დაახლოებით 10 წელში ქართული ღვინო მნიშვნელოვნად უფრო მაღალ დონეზე იქნება.

"ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების და შეზღუდვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ამართლებს. მე ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერი აღსრულდა, ეს რა თქმა უნდა, დადებით შედეგებს გამოიწვევს. მე საკმაოდ მაღალი დონის უცხოელ ღვინის ექსპერტებთან მქონია შეხვედრა, რომლებმაც მითხრეს, რომ ქართული ვენახის პოტენციალი სრულად გამოყენებული და ათვისებული არ არის. ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც ვენახისთვის იდეალური იქნებოდა, სავენახედ საერთოდ არ არის განხილული და ხშირ შემთხვევაში, ვენახები ისეთ ადგილას არის გაშენებული, სადაც ყურძნის ჯიშობრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად არ არის ათვისებული. ყველა ჯიშს შესაბამისი გარემო, ნიადაგი და კლიმატი სჭირდება. 

ახლა სპონტანურად უკვე მეტ-ნაკლებად ხდება ვენახების გაშენება, რადგან თავმოყვარე კომპანია და სუბიექტი ნიადაგის რაღაც ანალიზს მაინც აკეთებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ უფრო მეტი რჩევა მოხდეს. სახელმწიფო რადგან ამ რეგულაციას თავის თავზე იღებს - ალბათ, მევენახეებს დაეხმარება და იაფად, ან უფასოდ გაუკეთებს ნიადაგის ექსპერტიზას. 

შესაძლოა ზოგს ეს ახალი მიდგომა არ მოეწონოს, რადგან უკვე შეძენილი აქვთ ვენახისთვის ადგილი და სააგენტომ უთხრას, რომ ეს ადგილი არ არის იდეალური, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც კარგი ინიციატივაა. ზოგადად, ღვინის ეროვნული სააგენტო კარგად მუშაობს, თავის საქმეს კარგად აკეთებს და მივყვებით ქართული მეღვინეობის განვითარების ხედვაში. ერთადერთი ჩემი წუხილი იყო სუბსიდირების ნაწილში. ძალიან დიდი თანხები მიდიოდა აღნიშნული მიმართულებით, რაც ინდუსტრიას არაფერს არ არგებდა და მე როგორც ვიცი, ამის მოხსნაზეც არის საუბარი", - განაცხადა ზაზა ასათიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია, მათ შორის, ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

გამოგვყევით