2025 წლის მონაცემებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. წელს 80-82%-იანი დატვირთულობთ დავხურავთ, რაც ჩვენს ისტორიაში ისტორიული მაჩვენებელია, - ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სექტორმა ფასების 10%-იანი ზრდაც შეძლო, რასაც მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.
"მიმდინარე წელი იყო საამაყო შედეგების წელი. 2025 წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების წელი იყო, სადაც ჩვენ ვნახეთ არაერთი ფრენის დამატება, მათ შორის, Norwegian Airlines-ი, რომელიც 2026 წლის ივნისიდან დაიწყებს ავიამიმოსვლას. სკანდინავიის ქვეყნები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა, რომ ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს როგორც დაბალ, ისე მაღალ სეზონებზე.
ჩვენს ქვეყანაში ტურისტები ძირითადად 5-6 ქვეყნიდან ჭარბობენ, ესენია: ისრაელი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის ქვეყნები და მეზობელი ქვეყნები. გაზრდილია ევროპიდან ტურისტების მაჩვენებლებიც, მათ შორის, ბრიტანეთიდან. საქართველოში დღეს სხვადასხვა სახის როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურისტი შემოდის“ - აცხადებს გიორგი დოლიძე.
რაც შეეხება 2026 წლის მოლოდინებს - როგორც HSC Group Hospitality-ის დირექტორმა აღნიშნა, წლევანდელი შედეგები იმედის მომცემია, რომ 2026 წელი გაცილებით უკეთესად ჩაივლის და სექტორი მნიშვნელოვან შედეგებს დადებს.