logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Horsetours.ge გლობალურ პლატფორმას ქმნის

საცხენოსნო ტურების პლატფორმა Horsetours  გლობალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" Horsetours.ge-ის თანადამფუძნებელმა, ანა ნადირაძემ განუცხადა.

Horsetours.ge ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს აერთიანებს და ერთი მხრივ, რანჩოებს საკუთარი სერვისების გაქირავების, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს სასურველი ტურის დაჯავშნის საშუალებას აძლევს. კომპანიამ GITA-ს 150 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და მოპოვებული თანადაფინანსებით სწორედ გლობალური პლატფორმის შექმნას  გეგმავს.

პლატფორმის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მათი მიზანი მომხმარებლებისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საცხენოსნო ტურების დაგეგმვის ხელშეწყობაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი და სხვა.

რაც შეეხება კონკურენციას, მსგავსი ტიპის პლატფორმა მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი, ხოლო ევროპის მასშტაბით, კომპანია  პირველი იქნება, ვინც მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით საცხენოსნო ტურების დაგეგმვას შესთავაზებს.

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ საცხენოსნო ტურიზმი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით, ზრდის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. მომხმარებლების 90% მეტწილად უცხოელები არიან, საიდანაც, დაახლოებით 60%-ს ევროპელი და ამერიკელი ტურისტები შეადგენენ, ხოლო დანარჩენი 20% მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი.

ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში  მოგზაურობენ ან მოგზაურობას აპირებენ და დაინტერესებულები არიან სათავგადასავლო ტურიზმით და უშუალოდ საცხენოსნო ტურიზმით,"- აცხადებს ნადირაძე.

მისივე თქმით, საქართველო მისივე ლანდშაფტიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით ძალიან მიმზიდველია.

ცნობისთვის, პლატფორმა Horsetours.ge 2021 წელს დამფუძნებლების ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. მოგვიანებით, GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტით კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი გააციფრულა, ციფრული ვიდეო მარშრუტები და სარეკლამო რგოლები შექმნა. მოგვიანებით კი  სტარტაპის თანადამფუძნებელი She’s Next, Empowered by Visa-ს 25 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა, რამაც კომპანიას განვითარებისა და დასავლეთ საქართველოს ათვისების რესურსები მისცა.

გამოგვყევით