logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

მევენახეებისთვის პორტატული მეტეოსადგური ბაზარზე გაზაფხულიდან გამოჩნდება - Agrolog

მევენახეებისთვის პორტატული მეტეოსადგური ბაზარზე გაზაფხულიდან გამოჩნდება. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" მევენახე/მეღვინეებისთვის ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებელი სტარტაპის Agrolog-ის დამფუძნებელმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გარდა პორტატული მეტეოსადგურისა, გაზაფხულიდან ბაზარზე ვენახის წამლობის მოდულიც ჩაეშვება. 

"მევენახეებს პორტატული მეტეოსადგურის დაყენება თავად შეეძლებათ, მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც გაზომავს ადგილობრივ კლიმატურ მონაცემებს. ასევე, შეტყობინებას გაუგზავნის მევენახეებს თუ როდის უნდა შეიწამლოს ვაზი, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ დაავადებები. სერიული წარმოება ზაფხულის სეზონზე დაიწყება.

გარდა ამისა, გაზაფხულიდან ვგეგმავთ ვენახის წამლობის მოდულის ჩაშვებას. აღნიშნული გულისხმობს ვენახის შეწამვლის კონტროლს და შეფასებას, ხომ არ მოხდა გადაჭარბება, ან ხომ არ დააკლდა რომელიმე რიგს", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

სტარტაპი ამ ეტაპზე 2 მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, Agrolog-ი ევროკავშირში ღვინის ექსპორტისთვის საჭირო ეტიკეტირებას უზრუნველყოფს და ასევე, მეღვინეებს მარნებში ტემპერატურის კონტროლს სთავაზობს. 

გიორგი ვოლსკის შეფასებით, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

"AgroLogi არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მიმართულების მომსახურებას. ამ ეტაპზე მეღვინეებისთვის და მევენახეებისთვის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის ახალი რეგულაციით ღვინის ბოთლზე დატანილი უნდა იყოს ღვინის შემადგენლობა და სხვადასხვა პარამეტრები, რომელიც საკმაოდ ვრცელი მოცულობისაა. შესაბამისად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ეს ინფორმაცია QR კოდით დავიტანოთ ბოთლზე. მეღვინეებს შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს პლატფორმაზე, დარეგისტრირდნენ და შემდეგ გააკეთონ ელექტრონული ეტიკეტები ევროკავშირში ღვინის ექსპორტისთვის.

მეორე მოდული, რომელსაც მეღვინეებს ვთავაზობთ არის მარნებში ტემპერატურის კონტროლი. ეს მოიცავს ქვევრებში და ცისტერნებში ტემპერატურის დისტანციურ კონტროლს.

ელექტრონული ეტიკეტის მიმართულებით 100-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს. მათ შორის,  არიან უცხოელი, კერძოდ იტალიელი მეღვინეები. ხოლო მარნის ტემპერატურის კონტროლის მიმართულებით რამდენიმე მარანთან ვთანამშრომლობთ.

ბაზარზე არის სხვა კომპანია, რომელიც მსგავს სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა ჩვენ კონკურენტული ფასები გვაქვს. ჩვენთან 15 დასახელების ღვინოზე წელიწადში 100 ლარი არის გადასახადი. გარდა ამისა, ღვინის ენერგეტიკულ ღირებულებას, რომელსაც ლაბორატორიაში ითვლიან, ჩვენთან ეს არის უფასო და ამას ჩვენი ალგორითმი ავტომატურად აკეთებს. ღვინის პარამეტრების შეყვანის დროს სისტემა ყველაფერს ავტომატურად ითვლის", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - Agrolog-ი მოწყობილობების რეექსპორტზე გატანას და ასევე, სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების მოცვას გეგმავს.

გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, აპარატურა სრულად საქართველოში დამზადდება.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

გამოგვყევით