logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

რომელი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები გაიხსნება საქართველოში - 2024-2028 წლების გეგმა

2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება,  აქედან 22 საერთაშორისო ბრენდი იქნება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 

დოკუმენტის მიხედვით,  ყველაზე მეტი - 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რეგიონებში ყველაზე მეტი -  5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება. შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთი (4 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო), კახეთში - 2, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 2,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1. 

2024-2028 წლებში თბილისში შემდეგი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების გახსნა იგეგმება: Greet by Accor, Hilton Tbilisi, Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill, Offices & Hotels at Erekle II Square, Hotel Sololaki Hills, Hotel on King Erekle II's Square (Small). ექვსივე სასტუმრო ჯამში 1668 განთავსების ახალ ადგილს შექმნის. 

ამავე პერიოდში, ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოვა: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi. ქობულეთში - ერთი -  Hilton Garden Inn.  ხუთივე სასტუმრო, რეგიონში, ჯამში 1512 ახალ განთავსების ადგილს შექმნის. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2024-2028 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამში ოპერირებას 4 საერთაშორისო ოპერატორი დაიწყებს. ესენია:  Hilton Double Tree, Best Western Plus Likani Resort, Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani, Rooms Abastumani. ოთხივე  სასტუმრო, რეგიონში, ჯამში  852  ახალ განთავსების ადგილს შექმნის. 

ამავე პერიოდში კახეთში  Hotel "Bodbe" Sighnaghi-ს და  DoubleTree by Hilton-ის ბრენდი სასტუმრო დაიწყებს ოპერირებას. ორივე სასტუმრო კი 360 განთავსების ახალ ადგილს შექმნის. 

2024-2028 წლების განმავლობაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში Paragraph Resort Ganmukhuri-ს და Salkhino Best Western-ის გახსნა იგეგმება, რომელიც ჯამში 440  ვიზიტორს უმასპინძლებს. 

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში  Radisson Racha (170 განთავსების ადგილი) ამოქმედდება, მცხეთა-მთიანეთში კი ვიზიტორებს  Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott-ი (248 განთავსების ადგილი)  უმასპინძლებს. 

გამოგვყევით