logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს"

პროექტების დასრულება მოგვცემს საშუალებას ქვეყანა ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად და ძალიან დიდ კონკურენციაში შევიდეს რეგიონში არსებულ დერეფნებთან, - ამის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის. 

"გაიზრდება ტვირთბრუნვა და ჩვენ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ სატვირთო გადაზიდვების თვალსაზრისით. რაც შეეხება მოსახლეობის დასაქმებას - მაგალითად, რიკოთის პროექტებში სამუშაოების აქტიურ ფაზაში 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 70%-მდე საქართველოს მოქალაქე იყო. ისინი არაერთ პროფესიას დაეუფლნენ, ისწავლეს და ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს, რომლებიც გამოადგებათ სხვა პროექტებში, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს გიორგი წერეთელი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უწყება გზების პროექტირების დროს მაქსიმალურად ცდილობს, გარემოზე ზემოქმედება ნაკლები იყოს.

"მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მაგისტრალური გზის დასრულებაა დაგეგმილი. მთლიანობაში დაახლოებით, 90 კმ მაგისტრალური გზები გაიხსნება და ეს არის უპრეცედენტო რიცხვი. მათ შორის, იქნება კახეთის მიმართულება - 31 კმ-იანი მონაკვეთ, რიკოთის 9 კმ-იან მონაკვეთს დაემატება 6 კმ-იანი მონაკვეთი და ასევე, ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთი. ძალიან წარმატებული წელი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

მთლიანობაში გეგმად გვაქვს, რომ მაგისტრალები 2030 წელს სრულად იქნება დასრულებული და ჩვენს ქვეყანაში 760 კმ. მაგისტრალური გზა იქნება განვითარებული", - აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

გამოგვყევით