თბილისის ახალი სტადიონის რამდენიმე პოტენციური მდებარეობა საბოლოოდ ექსპერტთა გუნდის რეკომენდაციების შედეგად შეირჩევა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძისა და თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის The Stadium Consultancy წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ჰოლანდიური მხარე საქართველოში პირველი ვიზიტისას მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ წარადგენს კონცეფციასთან დაკავშირებულ უფრო კონკრეტულ შეხედულებებს.
შეხვედრაზე საკონსულტაციო გუნდს წარმოადგენდნენ კომპანია The Stadium Consultancy-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვინბრინკი, UEFA სტადიონების მშენებლობისა და მენეჯმენტის საბჭოს წევრი, 37 წლის განმავლობაში კლუბ „არსენალის“ Emirates Stadium-ის დირექტორი და 16 წლის განმავლობაში ევროპის სტადიონისა და უსაფრთხოების მართვის ასოციაციის (ESSMA) პრეზიდენტი ჯონ ბიტი და პროგრამირებისა და პროცესის მართვის ექსპერტი, არქიტექტორი კრისტიან ვან ჰინეკე.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე და გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სტადიონის პირველადი კონცეფციის შესახებ.
საკონსულტაციო გუნდი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების, მრავალწლიანი გამოცდილების ექსპერტებს. ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს როგორც ახალი სტადიონის სრულ კონცეფციას, ისე მისი განხორციელების ეტაპებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კონცეფციით განისაზღვრება როგორც სტადიონის მდებარეობა, ისე აუცილებელი კვლევები და სხვა დეტალები. ასევე, მომზადდება საჭირო ტექნიკური კრიტერიუმები, მოთხოვნები და დავალებები საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო მიმართულებების შესყიდვების ეტაპისთვის. ექსპერტთა გუნდის საკონსულტაციო მომსახურება გათვალისწინებულია პროექტის დასრულებამდე.
70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონი, მაქსიმალური ხილვადობის ტრიბუნებით, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. სტადიონი იქნება UEFA-ს უმაღლესი (მე-4) კატეგორიის, რომელსაც სპორტული ღონისძიებების ჩატარების გარდა, ექნება მასშტაბური საკონცერტო და საკონვენციო ცენტრის ფუნქცია.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და მისი პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.
შეგახსენებთ, თბილისში, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის ორი ლოკაცია განიხილება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 23 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას.