ადგილობრივ ბაზარზე, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები, დაახლოებით, 20-30%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ნატურალური ხელნაკეთი საპნისა და მკვებავი კრემის მწარმოებელი კომპანია "ბებო კარლას" დამფუძნებელმა ნინო ჯანიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
კომპანიის დამფუძნებელი, აღნიშნულ შემცირებას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
"წინა წელთან შედარებით გაყიდვები შემცირებულია. გვყავს ბევრი ძველი და ახალი მომხმარებელი, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებმა, ვფიქრობ, ბიზნესის განვითარება შეაფერხა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი ყოველთვის ევროპულ ბაზარზე გასვლა იყო და ახლაც ასეა. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით იყიდება. გარდა ამისა, რუსთავში ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გავხსენით, სადაც "ბებო კარლასთან" ერთად 30-მდე დასახელების ქართული ბრენდების ხელნაკეთი პროდუქციაა წარმოდგენილი.
აღნიშნულის გარდა შეკვეთები უცხოეთიდან, ემიგრანტების მხრიდანაც გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამომავლო გეგმების მეშვეობით ქართველი ემიგრანტები ახალი ბრენდით ჩვენი პროდუქციის შეძენას უკვე ადგილზე შეძლებენ და გაგზავნა აღარ მოგვიწევს", - აცხადებს ნინო ჯანიაშვილი.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "ბებო კარლას" ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესშია და ახლო მომავალში საკმაოდ დიდ პროექტს გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეულ დეტალებზე საუბარი არ სურს.
"მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება, რომლის ფარგლებში ახალი პროექტი იქმნება. ჩემი რეცეპტებით პროდუქცია დამზადდება და როგორც საქართველოს, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებში გაიყიდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და დაკომპლექტებულია პროფესიონალების ჯგუფით. ამჟამად მიმდინარეობს ტესტირებები, კვლევები და დიდი წარმოების დეტალების დამუშავება, რომელიც თავსებადია ევროპის რეგულაციებთან. ეს პროექტი მაძლევს უდიდეს გამოცდილებას და მოხარული ვარ ასეთი ნდობისთვის.
საგანგებოდ ამ პროექტისთვის ვწერ ახალ რეცეპტებს, რომლებიც არა მხოლოდ ლოკოკინას ლორწოს ახალ თვისებებს აღმოგაჩენინებთ, არამედ მრავალი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომელსაც ჯერ როგორც ევროპის, ისე საქართველოს ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ამ ეტაპზე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ", - აცხადებს ნინო ჯანიაშვილი.
ცნობისთვის, ლოკოკინის კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია ‘’ბებო კარლა“ რუსთავში 2021 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია ფლობს ასევე ლოკოკინების მცირე ფერმას, რომელიც საოჯახო გარემოში აქვს მოწყობილი, სადაც 5 000 -მდე ერთეული ლოკოკინას წარმოების რესურსი აქვს.