უწერაში RADISSON-ის ბრენდის სასტუმრო, სავარაუდოდ, 2025 წლის განმავლობაში გაიხსნება, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2 კორპუსი დასრულებულია და ამჟამად, სხვა კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.
"სასტუმრო ჯერჯერობით არ გახსნილა, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულებისთვის აუცილებელია გაზის შეყვანა. უწერაში და ონში გაზი გვაქვს, მაგრამ ამჟამად პროექტირება მიმდინარეობს, რომ გაზი იქამდე მივიდეს. მოგეხსენებათ 5-ვარსკვლავიან, 85-ნომრიან სასტუმროს გაზით მომსახურება ესაჭიროება", - აცხადებს ლევან შერაზადიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულები არიან როგორც უწერის მცხოვრებლები, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისა თუ ქალაქების მოსახლეობა.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას. კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი სწორედ აღნიშნულ სოფელშია.