logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება" - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

"2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება" - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

1769064540

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დეპარტამენტი განმარტავს, კრიტერიუმების გამკაცრება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, შემსყიდველი ორგანიზაციები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

შესაბამისად, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, როგორც შესრულებელი პროექტების, ასევე წარმოსადგენი რეკომენდაციების მიმართულებით.

ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად განკარგვას, ასევე აამაღლებს მიმწოდებელთა მზაობას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, რათა უწყვეტად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის  თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.

რაც შეეხება ე.წ. თეთრი სიას,  წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

გამოგვყევით