"2025 წლის ბოლოს ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს", - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მასშტაბური პროექტი რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აშენდება წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
"ხაშურში უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს, დავიწყეთ ქალაქის წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროგრესი, რომელიც დღეის მდგომარეობით გვაქვს ნამდვილად არის უკვე ხელშესახები, 200 კილომეტრი ქსელიდან 80 კილომეტრი მოწყობილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ამასთანავე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რაც შეამცირებს შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს.
პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ხაშურში სასმელი წყლის მოპოვების ობიექტებისა (სათავე ნაგებობი, სატუმბო სადგურების, წნევიანი მაგისტრალებისა და რეზერვუარების) და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სატენდერო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.