თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის ინფორმაციით, ქალაქში 2024-2025 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 16 000 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნავს, ბოლო 2 წელში, თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
"ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, კერძოდ, მიმდინარე წლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურა ეწყობა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით კონკრეტულად ის პროექტები ხორციელდება, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა გათვლილი. მოქალაქეების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. ამასთან, ახალგაზრდებისთვის სპორტული და საბავშვო გასართობი სივრცეები აქტიურად ეწყობა. ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვისაც მთავარ გამოწვევად მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები რჩება, რაც რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტების ნაკადის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია.
"თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. იმერეთში და კერძოდ, თერჯოლაში მოსული სტუმარი ბუნებრივ, თუ კულტურულ ძეგლებს ეცნობა, რომელიც საკმაოდ მრავლადაა მუნიციპალიტეტში. აქვე ეცნობიან იმერულ სამზარეულოსა და უნიკალური ჯიშის, სხვადასხვა, ღვინოს. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა სოფელში ცენტრალური და შიდა საუბნო საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. ქალაქს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება, ზოგიერთ სოფელში 24 საათიანია მიწოდება, ზოგიერთს კი, წყალი გრაფიკით აქვს", - აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა.
მანუჩარ რობაქიძემ ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ 2021-2023 წლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფელ ძევრში საგვარჯილეს გამოქვაბულის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული ზონა მოეწყო.
"შემიძლია თამამად გითხრათ, რომ აღნიშნული ადგილი ტურისტებისთვის საუკეთესო გახდა. ამჟამად, ქალაქ თერჯოლაში ერთი სასტუმრო გვაქვს და კიდევ ერთი სასტუმრო სოფელ სიმონეთში მდებარეობს. საოჯახო სასტუმრო მუნიციპალიტეტში ათეულობითაა, ასევე გვაქვს საოჯახო მარნები, კვების ობიექტები. ტურისტული ობიექტების მეტი წილი სოფლებშია თავმოყრილი (საოჯახო სასტუმრო, საოჯახო მარანი, დარბაზი).
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნებართვა სასტუმროს მშენებლობის შესახებ არ შემოსულა. ასევე ამ ეტაპზე, ბრენდის სასტუმროს ან, არაბრენდული დიდი სასტუმროს მშენებლობა არ იგეგმება", - აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი.