logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება - ბიუჯეტი ₾276.7 მლნ

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება - ბიუჯეტი ₾276.7 მლნ

1746696196

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც კახეთის მაგისტრალის ნაწილია, აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინსტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი, 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს  ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს. ასევე, იგეგმება მიმდებარე ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი დაკავშირება მაგისტრალის ახალ მონაკვეთთან.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და  საგზაო სამოსის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, კახეთში სასელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საგარეჯოს მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ახალი გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას, 2 კმ-ით შეამცირებს გადაადგილების მანძილს და თითქმის გაანახევრებს მგზავრობის დროს. დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც.

მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედნის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესის პროდუქციის რეალიზაციას.

ახალი მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.

საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი „მსოფლიო ბანკისგან“  მიღებული სესხისა და  სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 276.7 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის.

კახეთის მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისიდან საგარეჯომდე, გასულ წელს გაიხსნა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისიდან ბადიაურამდე, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული 52 კმ-იანი მონაკვეთი სრულად ჩაანაცვლებს მოძველებულ საგზაო ინფრასტრუქტურას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს.

კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

გამოგვყევით