“ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მოესწრება და რუსთაველის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში დასრულდება.”- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "სმარტ სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა განაცხადა.
ლევან გოგსაძის ინფორმაციით, პროექტი ექვს მონაკვეთად არის დაყოფილი. აქედან ერთ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია.
“სამუშაოები ამ მონაკვეთზე ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ გამოცვლილია სანიაღვრე ქსელი, ჩატარებულია მიწისქვეშა გადასასვლელის საიზოლაციო სამუშაოები და ორი ფენა საგზაო საფარი დაგებულია, რამაც საშუალება მოგვცა რომ გაგვეხსნა მოძრაობა. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენი მოვალეობა არის რუსთაველის გამზირის სრულად განახლება. როგორც სანიაღვრე ქსელის გამოცვლა, აგრეთვე ხუთი მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება და გზის საფარის მოწყობა.”- აღნიშნა ლევან გოგსაძემ.
მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული კომპანია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ სამუშაოებს.
“ჩვენს გარდა იქ ბევრი კონტრაქტორი კომპანია მუშაობს, “ჯივიპი”, “თბილისი ენერჯი”, “თელმიკო” და ასე შემდეგ. გამოწვევები ბევრია, პროექტში, რომლითაც დავიწყეთ, არაერთი ცვლილება შევიდა. გამოწვევაა ისიც, რომ ორი ათეული კომპანია ერთდროულად აწარმოებს სამუშაოებს.”- აღნიშნა ლევან გოგსაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტროლი და ზედამხედველობა მერიის მხრიდან აქტიურად ხორციელდება.
“სადემონტაჟო სამუშაოები პრაქტიკულად მთელ რუსთაველზე უკვე დასრულებულია. ახლა უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. რუსთაველზე ფრაგმენტულად ტარდებოდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა ამ პროექტის ასეთი მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ვფიქრობთ საუკუნეებს მოითვლის ეს ქუჩა, რადგან სრულად იცვლება ყველაფერი. ყველა კომუნიკაცია, რომელიც არსებობს მიწის ქვეშ და ასევე, ბუნებრივია საგზაო ინფრასტრუქტურა. საუკუნის პროექტი შეიძლება დაერქვას ამ პროექტს.”-აღნიშნა ლევან გოგსაძემ.
მისივე თქმით, მერია აკონტროლებს რეაბილიტაციის ხარისხსაც.
“ რუსთაველის გამზირს მრავალი ათეული წლის განმავლობაში აღარ დასჭირდება არათუ ძირეული სარემონტო სამუშაოები, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც კი,”-აღნიშნა ლევან გოგსაძემ.
მისივე ინფორმაციით, "სმარტ სოლუშენსი" უკვე 11 წელია ოპერირებს ბაზარზე და განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო.