logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2024 წელს უცხოურ ბაზრებზე გაყიდვები 16%-მდე გაიზარდა, ხოლო ადგილობრივზე 10%-ით - "კულა"

წინა წელთან შედარებით, საექსპორტო ქვეყნებში გაყიდვები 14-16%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 10%-ით, - საკონსერვო წარმოება "კულას" დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წარმოების 70% ექსპორტზე იყიდება და კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის, კანადისა და ევროპის ქვეყნების ბაზრებს.

"საკმაოდ ნორმალური წელი იყო. კარგი მოსავალიც გვქონდა. მართალია ნედლეულზე ფასები გაიზარდა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხილი გვქონდა და შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით უკეთესი წელი იყო.

საექსპორტო მიმართულებით ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ასევე, ევროპის ქვეყნები. ნოემბერში ჩვენს საექსპორტო მიმართულებებს კორეა დაემატა. ჯერჯერობით სატესტო პარტია გავგზავნეთ. ისეთ ქვეყნებში ექსპორტის განხორციელება, რომელიც ჩვენგან მოშორებით არის  საკმაოდ რთულია და შესაბამისად, ბევრი მუშაობა გვჭირდება ამისთვის. საქართველოში ქსელები ცუდ მდგომარეობაში გვაგდებენ მწარმოებლებს, ძალიან მაღალ ფასებს გვიწესებენ და შესაბამისად, ორიენტაცია აღებული გვაქვს ექსპორტზე", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით