2025 წელს სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" ახალი ფილიალი ფოთში გაიხსნება. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინა ოქროპირიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია გაფართოებასა და განვითარებაზე მუდმივად ფიქრობს, რადგან მათი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა ყოველ წლიურად იზრდება.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "გორგიას" გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
"აღნიშნული ზრდა ბაზრის აქტიურობით და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. რაც შეეხება პროდუქციას - ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ავეჯი, ტექნიკა და გათბობის სისტემები. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კი, ყველაზე დიდი მოთხოვნა სამშენებლო და სარემონტო მასალებზეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბაღის და ეზოს მოვლის პროდუქტებიც გვაქვს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, მოთხოვნა აღნიშნული მიმართულებითაც იზრდება.
"გორგიას" ფილიალებში 60 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია გვაქვს და ამ მიმართულებით მუდმივად ვვითარდებით", - აცხადებს ნინა ოქროპირიძე.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ფოთის ფილიალის გარდა, კომპანია რამდენიმე თვეში კიდევ ერთ ფილიალს თბილისში, კერძოდ, გლდანის "სითი მოლში" დაამატებს. ნინა ოქროპირიძის თქმით, კომპანია მიმდინარე წელს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე გაფართოებისთვის რამდენიმე მილიონ დოლარს დახარჯავს.
ცნობისთვის, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" საქართველოს მასშტაბით, ამჟამად 14 ფილიალს, ხოლო უცხოურ ბაზრებზე, კერძოდ, სომხეთსა და ბულგარეთში ჯამში 2 ფილიალს ფლობს. 2025 წელს კომპანია სომხეთში ფილიალის დამატებას და ასევე, აზერბაიჯანის ბაზრის ათვისებას გეგმავს.