logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს" - "წყალი მარგებელი"

კომპანია "წყალი მარგებელი" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ  ტარიფებს და  მის საქართველოზე გავლენას   ეხმაურება. 

როგორც კომპანიიდან "ბიზნესპარტნიორის" კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ახალი ტარიფების ფარგლებში, 10%-იანი საბაჟო გადასახადები "წყალი მარგებელის" მიერ წარმოებულ პროდუქტზეც ვრცელდება.

"ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ მათი გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს და შემდგომ მივიღებთ უფრო ზუსტ გადაწყვეტილებებს. პირველი კონტეინერების მაგალითზე შევაფასებთ შესაძლო ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,"-აცხადებენ "წყალი ნაბეღლავში". 

მათივე ცნობით, 2024 წლის მდგომარეობით, "წყალი მარგებელის"  ამერიკის მიმართულება, კომპანიის  მთლიანი ექსპორტის 3% შეადგენს. ამ დროისთვის  კომპანია ექსპორტს  30 ქვეყანაში ახორციელებს. 

"მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე. თურქეთის ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გარკვეული ნიშა გვაქვს დაკავებული და ექსპორტს წარმატებით ვახორციელებთ. სამხრეთ კორეაში ექსპორტი პირველად გასულ წელს შედგა. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავზარდოთ მოცულობები და  გადატვირთვების პროცესი დავასტაბილუროთ,"- აცხადებენ "წყალი მარგებელში". 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა. 

CNBC-ის ინფორმაციით, ტარიფები არ ეხება შემდეგ პროდუქციას: 

  • ფარმაცევტული პროდუქტები
  • ნახევარგამტარები
  • ხის მასალა
  • სპილენძი და ოქრო
  • ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია

რაც შეეხება კომპანიას  "წყალი მარგებელი", ის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. "წყალი მარგებელი" რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: "ნაბეღლავი", "ჯეონატურა", "რაუხი", "ბახმარო" და "ბუღა". 

გამოგვყევით