ქართული საავტომობილო ბიზნესი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. თუ დონალდ ტრამპი უცხოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იან საბაჟო ტარიფს დააწესებს, რასაც ის უკვე აქტიურად განიხილავს, ეს მნიშვნელოვნად გააძვირებს ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, 25 პროცენტი საბაზისო მაჩვენებელი იქნება და ქვეყნების მიხედვით, სატარიფო განაკვეთის მოცულობა გაიზრდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ალექსანდრე ვეკუამ - „კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციულმა დირექტორმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი გადასახადის დაწესება ამერიკიდან ექსპორტს არ ეხება, ამ გადაწყვეტილებას მაინც პირდაპირი გავლენა ექნება ქართულ ბაზარზე.
„უცხოეთიდან, მათ შორის კორეიდან, იაპონიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იან ტარიფის დაწესება ამერიკაში ცალსახად გააძვირებს ახალ ავტომობილებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოთხოვნის ზრდას მეორად ავტომობილებზე. შესაბამისად, აიწევა მათი ფასებიც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში, დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში, გავლენას იქონიებს საქართველოზეც, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეორადი ავტომობილები უმეტესწილად სწორედ აშშ-დან შემოდის“, - აღნიშნა „კავკასიის ავტოიმპორტის” კომერციულმა დირექტორმა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოში 151 მილიონ დოლარამდე ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 23%-იან კლებას გულისხმობს. მთავარი საიმპორტო ქვეყანა, ტრადიციულად, აშშ-ია, საიდანაც 2025 წლის იანვარში 84,5 მლნ დოლარის 6675 ცალი ავტომობილი შემოვიდა. მეორე პოზიციაზე იაპონია იმყოფება, მესამეზე კი გერმანია.
რაც შეეხება ექსპორტს, მსუბუქ ავტომობილებს 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი უკავია. კერძოდ, საქართველომ იანვარში, დაახლოებით, 130 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გაიყვანა ექსპორტზე, რაც 16% -ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარშიც, ავტო ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი ყირგიზეთზე მოდის.