logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაია ფუდი" 1 თვეში "სნეკო ბარის" ბრენდით ხილის ხემსების წარმოებას გეგმავს

"ბაია ფუდი", რომელიც ზესტაფონში მდებარე საწარმოში სხვადასხვა სახეობის ხილის ფაფებს აწარმოებს, დაახლოებით 1 თვეში ხილის ხემსების წარმოებას გეგმავს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს" "ბაია ფუდის" დამფუძნებელმა ზვიად გრძელიძემ განუცხადა, 'სნეკო ბარის" ბრენდით საწყის ეტაპზე 3 დასახელების სნექის წარმოება იგეგმება, სამომავლოდ კი კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც განიხილავს. 

გრძელიძის ინფორმაციით, სატესტოდ უკვე გამოშვებულია ვაშლის და შავი ქლიავის ჩირის სნექი, რომელიც ბელგიურ შოკოლადშია ამოვლებული. ამჟამად კი დამატებით 2 სახეობის (გოგრა - ვაშლის ჩირი შოკოლადში და გოგრა - შავი ქლიავის შირი შოკოლადში)  დაემატება.  მისი ინფორმაციით, კომპანია ხილის შესყიდვას ადგილობრივი ფერმერებისგან ახორციელებს.  "სნეკო ბარი" 50 გრამიან შეფუთვაში გაიყიდება (ქსელურ მარკეტებში)  და მისი სავარაუდო ფასი 2,5 ლარი იქნება. 

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას,  გრძელიძე აცხადებს, რომ ხემსების წარმოებაში კომპანია დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 

ამ დროისთვის "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, ფაფებს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. ზვიად გრძელიძის განმარტებით,  წარმოებაში  გამოიყენება  ქართული შვრია, ქერი, ხორბალი, სიმინდი.

შეგახსენებთ, "ბაია ფუდი’’ ბაზარზე  2012 წლიდანაა წარმოდგენილი. ზესტაფონში მდებარე საწარმოს შექმნა და აღჭურვა, საერთო ჯამში დაახლოებით 200 000 ლარი დაჯდა, 2022 წელს კომპანიამ კი GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.


გამოგვყევით