logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბახმაროში "ორბის" კომპლექსის განხორციელება გაანადგურებს კურორტის ავთენტურობას" - ურბანული განვითარების ინსტიტუტი

"ბახმაროში "ორბის" კომპლექსის განხორციელება გაანადგურებს კურორტის ავთენტურობას" - ურბანული განვითარების ინსტიტუტი

1708423020

ბახმაროში ,,ორბის“ მრავალფუნქციური პროექტის მშენებლობა აქტუალობას არ კარგავს. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ  ქვეყნის   ერთ-ერთ წამყვან კურორტზე მასშტაბური  მშენებლობა, რეალურად დაუშვებელია.

როგორც ურაბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი ანი ბიბილაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გარდა იმისა, რომ ბახმაროს იერსახე მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფციად გარდაიქმნება, პროექტი მიუღებელია თანმხლები რისკების გამოც, რასაც  უსაქართველოს ურბანული განვითარების ინსტიტუტი მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებს.

ანი ბიბილაშვილის ინფორმაციით, შემუშავებულ გენ.გეგმაში არის გარკვეული შეცდომები, რაც აუცილებლად უნდა გადაიხედოს და მასში კორექტირება შევიდეს. მისი ინფორმაციით, იმ სახით, როგორითაც ,,ორბი“ ბახმაროში სასტუმროს აშენებს, კურორტისთვის საშიში ტენდენციის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. ბიბილაშვილი მშენებელ კომპანიას, ასევე მთავრობას, საკუთარ რეკომენდაციას სთავაზობს, რაც მისი თქმით, ოპტიმალური ვარიანტია.

"ბახმაროში პროექტის ამ ფორმით განხორციელება, კურორტს ავთენტურობას დაუკარგავს. არგუმენტი, რომ გენ.გეგმის ფარგლებშია პროექტი და ამიტომ სწორია,  ნამდვილად მიუღებელია. გაცილებით მსხვილი დადგენილებები არსებობს მსოფლიო მასშტაბით, დღეს მსოფლიო გლობალურად უმკლავდება კლიმატის ცვლილებას და ყველამ კარგად იცის, დასახლებების გამჭიდროება რა პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომაც არსებობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, რომელსაც  საქართველოც უერთდება და ეს პროექტი თავისი არსით, ამ მიზნებს  ნამდვილად ეწინააღმდეგება ანუ მეთერთმეტე მიზანი, რაც არის მდგრადი ქალაქები და დასახლებები, ,,ორბის’’ პროექტში ვერც ერთ მოცემულ  პუნქტს ვერ  აკმაყოფილებს“, - აცხადებს ანი ბიბილაშვილი.

ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელს ამომწურავი პასუხი აქვს იმაზეც, რას ვიღებთ პროექტის განხორციელებით და რა რისკებს მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის განხორციელება ბახმაროსთვის, რომელიც კოტეჯური ტიპის დასახლებაა და წარმოდგენილ გეგმასთან წინააღმდეგობაშია.

,,სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გენ.გეგმაში ნამდვილად ჯდება თეორიული არსით, ამტკიცებს იმას, რომ გენგეგმამ თავის დროს შეცდომა დაუშვა, როცა ასცდა  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ევროპის საუკეთესო გამოცდილებას. პროექტის მომხრეების არგუმენტია, რომ შვეიცარიის ქალაქებშიც შენდება მასშტაბური სასტუმროები, რაც არასწორი შედარებაა. ბახმარო მცირე ზომის დასახლებაა და დიდ ქალაქთან მისი მსგავსება აბსურდია. თუმცა შვეიცარიას  აქვს ძალიან კარგი მაგალითები, როგორც უნდა განვითარდეს ანალოგიური ტურისტული მიმართულება, შედარებისთვის, ბერნი რომ ავიღოთ,  იგი ინარჩუნებს ერთსაუკუნოვან ხის კოტეჯებს და ამ დასახლების იერსახე ხელუხლებელია. კურორტს  სამეფო ოჯახის წევრები და ცნობილი ადამიანები სტუმრობენ. ძალიან საინტერესო ადგილია მსოფლიო ტურიზმისთვის, ამიტომაც ეს პრაქტიკა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ.  ცხადია, ბახმარო უნდა აშენდეს და განვითარდეს, მაგრამ იმ მასშტაბით და ფორმით, რაც ავთენტურობას შეუნარჩუნებს და რამდენიმე წლის შემდეგ გაცილებით დიდ შემოსავალი მოიტანს“, - განმარტავს ანი ბიბილაშვილი.

ურბანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა  განვითარდეს ბახმარო და რა შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა (კონკრეტულ შემთხვევაში - ,,ორბიმ’’), რომ საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის  არარსებობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმაც დაადასტურა, ბიბილაშვილის მხრიდან გარკვეულ კრიტიკას იწვევს. მისი შეფასებით, ეს არის "შავი ხვრელი" კანონში, რითაც კონკრეტულ შემთხვევაში ,,ორბი ჯგუფმა“ ისარგებლა. თუმცა, როგორც ბიბილაშვილი განმარტავს, ამით სამშენებლო კომპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მიდის.

როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ არანაირი კონკრეტული ნებართვა ამ დროისთვის გაცემული არ არის. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონკრეტული საცხოვრებელი არეალის განაშენიანებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო შესული განაცხადი, თუმცა გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან კომპანიას დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კორესპონდენცია გაეგზავნა.

ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის ამ ფორმით  განხორციელებაში  ძალიან დიდ რისკს ხედავს.

"დღეს თუ დავუშვებთ  ამ მშენებლობას, დომინოს პრინციპით განავითარებს  კიდევ სხვა მსგავსი მასშტაბის მშენებლობებს. იმ სახით,  რა სახითაც ვიცით დღეს ბახმარო, უკვე მომავალში იქცევა  რამე სხვა დასახლებად, რომელსაც შეიძლება  სახელწოდება დარჩეს ბახმაროსი, მაგრამ მისი იერსახე, განწყობა, ჰაერი, სამკურნალო თვისებები  - ეს ყველაფერი გაქრება. ამასთან, გამოიწვევს სერიოზულ ეკოლოგიურ პროცესს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში გარემოზე ცუდი ზემოქმედების გამო. იმ ფორმით და მასშტაბით, როგორიც დღეს ბახმაროა, მომავალში ფიზიკურად ვერ იარსებებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია გაეცნო გარკვეულ დოკუმენტაციას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან გამოვითხოვეთ. ჯერჯერობით არსად შეგვხვედრია სრულ დოკუმენტაციაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში. წესით, ამ მასშტაბის ჩარევა როცა ხდება გარემოზე, შესაბამისი დოკუმენტი უნდა მომზადდეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონში შეიძლება ამის ვალდებულება არ იყოს ჩადებული. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ გზშ-ს მომზადება, ვასაბუთებთ კიდეც ამის საჭიროებას. იმის გამო, რომ კანონში ყველა ვალდებულება არ იქნება ჩადებული სამშენებლო ნებართვის მიმართ, ლოგიკურია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კონკრეტული  საკითხი. შესაბამისად,  მოთხოვნილ იქნეს დამატებითი კვლევები.  ყველა თეორიული და პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე უნდა მოეთხოვათ გზშ, თუმცა კანონში ეს ვალდებულება არ არის. გენ.გეგმაში კიდევ მეტი ისეთი ნიუანსია ჩადებული, რომელიც განგრძობითად მოახერხებს, რომ კიდევ რამდენიმე ჰექტარი ანალოგიური ინტენსივობით განაშენიანდეს და კურორტის ავტენტურობა დაიკარგოს, სრულად გაანადგუროს ბახმაროს იერსახე. ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რომ  პროექტი დააბრუნონ ქალაქ-დაგეგმარებით  ანუ განაშენიანების დეტალური გეგმის ეტაპზე , რომელმაც დაუშვა ასეთი მასშტაბის და მოცულობის პროექტირება. სახელმწიფომ მოინდომოს და  შესთავაზოს მშენებელს, რომს კომპლექსი დაიყოს მოცულობებად, რათა ბახმაროს განვითარების გეგმაში ჩაჯდეს“, - აცხადებს ანი ბიბილაშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულ საფრთხეს ეკოლოგიის კუთხით, მისივე ინფორმაციით,  პროექტის შედეგად, პრობლემას შექმნის ტერიტორიის შესაბამისი კომუნიკაციით აღჭურვა, მათ შორის, კურორტზე არსებული გათბობა-გაგრილებისა და  წყლის სისტემების რაოდენობა, ჩამდინარე წყლების ფილტრაციის საკითხი და სხვა. 

"ჩვენი ორგანიზაცია ეკოლოგიის მიმართულებით არ ორიენტირდება, ,,გენერალურმა გეგმამ დაუშვა ბახმაროს  არასწორი განვითარება, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს უფლება მოითხოვოს გენ.გეგმის რევიზია, მოხდეს გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილება. დღეს გვაქვს ფაქტი სახეზე, რომ პროექტი, რომელიც პირდაპირ ჯდება გენგეგმაში, შეუსაბამოა მდგრად განვითარებასთან, ე.ი. გენ.გეგმა უშვებს ამ ტიპის შეცდომას როგორც ამ პროექტში ვხედავთ - მასშტაბური ტიპის მშენებლობას, გარკვეული ტიპის მასშტაბს, რომელიც მდგრად განვითარებასთან შეუსაბამოა. ამიტომაც კანონში  გარკვეული ცვლილებაა შესატანი, რომ მომავალში  მსგავსი პროცესები დააზღვიოს, მეორეც, გენგეგმის ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი, რომ მიიღოს  გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ ანუ ნებართვის გამცემმა ორგანომ და მოითხოვოს  ამ ტერიტორიისთვის პროექტის მორგება“, - აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია „ორბი ჯგუფმი“ ბახმაროში, მრავალფუნქციურ სასტუმროს აშენებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა.

სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები ფაქტობრივად საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტით, მასშტაბური სასტუმროს მშენებლობით ბახმაროს ავთენტური იერსახე დროთა განმავლობაში  დაიკარგება და კოტეჯურ დასახლებას ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს.

 მარი ჩიტაია 

გამოგვყევით