logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბარამბოს" პროდუქცია შესაძლოა ჩრდილოეთ აფრიკაშიც გაიყიდოს

ნაყინისა და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია “ბარამბო” საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს. როგორც “ბიზნესპარტნიორს” ნაყინისა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა განუცხადა, 2025 წელს ექსპორტის მიმართულებით მოლაპარაკების წარმოება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩრდილოეთ აფრიკასთან იგეგმება.

გარდა ამისა, კომპანია დიდ პოტენციალს ხედავს ინდოეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის: ქუვეითი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, სადაც როგორც “ბარამბოში” აღნიშნავენ, მაღალი ხარისხის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია.

როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა მზარდია, რაც გვაძლევს სტიმულს, მუდმივად განვავითაროთ ასორტიმენტი და მომხმარებლის გემოვნებას მორგებული სიახლეები შევთავაზოთ.

“ამჟამად „ბარამბო“ პროდუქციას ექსპორტზე გზავნის ისრაელში, ერაყში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ჩინეთსა და საუდის არაბეთში. ეს ბაზრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია – პროდუქციის ხარისხმა, შეფუთვამ და გემომ მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. 2025 წელს ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე. ჩვენი სტრატეგიაა თითოეულ ბაზარზე ადგილობრივად მორგებული შეთავაზება, უმაღლესი სტანდარტების დაცვა და ბრენდის გლობალური ზრდა”, - აცხადებს ანი კუპრეიშვილი. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - მიმდინარე წელს “ბარამბო” 18-20%-იან გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს.

“მოხმარების ტრენდი ძლიერია ნაყინის მიმართულებით – განსაკუთრებით სეზონურად, რის გამოც წელს ფოკუსს დისტრიბუციის გაფართოებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვაკეთებთ. აღსანიშნავია ის, რომ Modern Trade-ის განვითარება ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს,რომ  ჩვენი პროდუქცია უფრო ფართო მომხმარებელთა ჯგუფს მივაწოდოთ. ამ მიმამრთულებით 2025 წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, “ბარამბოს” ნაყინის კატეგორია “ნიკორას” ქსელში მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი”, - აღნიშნავს ანი კუპრეიშვილი. 

ცნობისთვის, ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბო" სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას 15 წელია უწყვეტად აწარმოებს. "ბარამბოს" ქარხანა სოფელ ნატახტარში მდებარეობს და 400 მეტი ადამიანია დასაქმებული.

საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით. 2011 წლიდან კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე. დღეისათვის ტკბილეულის ექსპორტი ხორციელდება – უკრაინაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სინგაპურში. გარდა ამისა, როგორც "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.

გამოგვყევით