კლუბი KHIDI მუშაობას 20 დეკემბრიდან განაახლებს. როგორც კლუბის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მათ ბიზნესის ნაწილი გაფიცვაში არ აყვათ.
მისივე შეფასებით, თუ გაფიცვის გადაწყვეტილებას ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებდნენ, ეს გარკვეული შედეგის მომტანი იქნებოდა.
"ჩვენ პარასკეობით გვაქვს ხოლმე ღონისძიებები. უკვე სამი ღონისძიება გადავდეთ და 20 დეკემბერს ისეთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის არ ჩატარების შემთხვევაში საერთოდ ვეღარ გავიხსნებით. საუბარია, ფინანსურ კატასტროფაზე. ჩვენ გვაქვს ბიზნეს სესხი, გვყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომლებსაც სხვა სამსახური არ აქვთ, ასევე, არსებობს სხვადასხვა გადასახადი და არსებობის არანაირი საშუალება აღარ გვაქვს. ქვეყანაში მხოლოდ კლუბებია გაფიცული და როგორც ვიცი, თეატრებმა გააუქმეს სპექტაკლები. მარტო ღამის საათებში მომუშავე კლუბი, რომელსაც კვირაში ორჯერ აქვს ღონისძიება, აღმოჩნდა, რომ ვერ იქნება ქვეყნის გადამრჩენელი. მგონია, რომ 1 თვეც საკმარისია ჩვენგან ეს ჟესტი. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი უნდა გაიფიცოს იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, უბრალოდ გვჭირდება ელემენტარული შანსი, რომ გადავრჩეთ, რადგან ვერ მივაღწევთ შემდეგ თვემდე. გავაკეთეთ "ფანდრაიზინგი", თუმცა ძალიან პატარა თანხა შეგროვდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 20 დეკემბერს ვიმუშავებთ. შემდეგ არ ვიცით რა იქნება, თუმცა სავარაუდოდ, ახალ წელს გავიხსნებით. დეკემბერი და იანვარი არის ის თვეები, რომლებიც რეალურად გვაცოცხლებს შემდგომი თვეები, როდესაც მომხმარებელი ნაკლებია", - აცხადებს კლუბის დამფუძნებელი.
თამუნა აქსანდერი ფინანსურ ზარალზე საუბრობს. მისი თქმით, კლუბის თანამშრომლები უკვე 2 თვეა ხელფასს ვერ იღებენ და გარდა ამისა, კომპანიას სხვა ხარჯებიც აქვს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებს.
კლუბის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დიდ ბიზნესებს კლუბებისთვის დონაციის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ არც ეს გაკეთდა.
"ჩვენ ყველამ უზარმაზარი ღონისძიებები გავაუქმეთ და ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, მაგრამ როგორც ჩანს ხალხი სამსახურში დადის და შემდეგ უერთდება აქციას. ჩვენი სამსახური არის ეს, კვირაში ორი ღამე. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი მოწყვლადი ჯგუფებიდან არიან, რომლებიც სხვაგან სამსახურს ვერ შოულობენ და შესაბამისად, ქუჩაში რჩებიან. მათ ნოემბრის ხელფასი ვერ აიღეს და დეკემბრის ხელფასსაც ვერ აიღებენ. აქციაზე კი არა, არაფრის ფული არ აქვთ, რომ ქუჩაში გავიდნენ. ამიტომ, გაფიცვას ეფექტი დაეკარგება და იმას გავაკეთებთ, რაც მათ უნდათ, რომ ჩვენივე ხელით გავქრებით და აღარ იქნება ისეთი თავისუფალი სივრცეები, როგორიც არის კლუბები.
ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო ცეკვა და გართობა, უბრალოდ როგორც ჩვენ ვხვდებით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც არ დასრულდება არც 1 კვირაში და არც 2 კვირაში და რაღაცნაირად ამ რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ. იყო მცირე დონაცია ბიზნესის მხრიდან, თუმცა 80% უცხოელებისგან. ძალიან რთული ვითარება იყო ქვეყანაში ფინანსურად და ახლა უფრო მეტად დამძიმდა", - აცხადებს თამუნა აქსანდერი.
KHIDI-ის დამფუძნებელს აქვს მოლოდინი, რომ კლუბის გახსნის შემდეგ ღონისძიებებზე მომხმარებლის აქტიურობა იქნება, რადგან მოთხოვნა უკვე არსებობს.
ცნობისთვის, კლუბი "ხიდი" ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე 29 ნოემბერს გაიფიცა.