მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლომდე, ქვეყანაში მუშაობას პირველი სურსათის ბანკი დაიწყებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, შედეგად, უვნებელი და საკვებად ვარგისი სურსათი აღარ გადაიყრება და ის გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდება.
„ამჟამინდელი ინფორმაციით, სურსათის ბანკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, ანუ სასაწყობო სივრცეების მოწყობა დასკვნით ფაზაშია როგორც წყალტუბოში, რომელიც საპილოტე რეგიონად შეირჩა, ისე - დედაქალაქში. სწორედ ამ საწყობებში განთავსდება სურსათი და შემდეგ უკვე, წესების დაცვით, ბენეფიციარებს გადაეცემა. სურსათის ბანკის იდეა თავის თავში ორ მიმართულებას მოიცავს, პირველი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებაა, მეორე კი გაჭირვებული მოქალაქეების სურსათით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებაც წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და მათთვის სურსათის გადანაწილება“, - აღნიშნა FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა.
მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, გლობალურად წარმოებული სურსათის თითქმის ერთი - მესამედი ნარჩენად გადაიქცევა. ბუნებრივია, საქართველოც არ არის გამონაკლისი და აქაც ძალიან დიდია სურსათის დანაკარგები.
„საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით, 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი მიდის ნაგავსაყრელზე. შესაბამისად, სურსათის დანაკარგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, - განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ამ პრობლემის გადასაჭრელად “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ” ახალი კანონიც ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.
როგორც FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა აღნიშნა, სურსათის ბანკის შექმნისა და გამართულად ფუნქციონირების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ბიზნესსექტორის ჩართულობას.
„საწყის ეტაპზე, პროექტში, საპილოტე რეჟიმში - რითეილ სექტორი ჩაერთვება, რომელიც სურსათის ბანკისთვის დონაციას გააკეთებს. მომდევნო ეტაპზე კი, მას - HoReCa სექტორიც შეუერთდება. ქართული ბიზნესსექტორის მზაობა და ინტერესი საკმაოდ მაღალია და მათთან მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრები პრაქტიკული ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ბიზნესის მხრიდან პროექტში ჩართვის მაღალ ინტერესს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს - პირველი საქველმოქმედო მიზნებია და მეორე - ფინანსური ინტერესები, რადგან, როგორც ცნობილია, პროექტში ჩართვისა და სურსათის ბანკისთვის უვნებელი საკვების მიწოდების შემთხვევაში, ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. ცხადია, პროექტში ჩართვა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“, - განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში პირველი სურსათის ბანკი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივით იქმნება. უნდა ითქვას ისიც, რომ მთლიანად ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული და მას ორგანიზაცია People In Need-ი ახორციელებს.