logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჩვენი ქვევრის ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია - "ღვარძელაშვილის მარანი"

"ღვარძელაშვილის მარნის" ქვევრის ღვინის ექსპორტი გაორმაგდა. როგორც მარნის დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მოთხოვნა განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის გაზრდილი. 

მისივე შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უცხოელები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ვეღარ ახერხებენ. 

"2022 წელს, პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი გაყიდვები ექსპორტზე იყო, ახლაც ასეა.

აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოელი ვეღარ მოგზაურობს და შესაბამისად, ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინო თავისივე ქვეყანაში დააგემოვნოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება ითქვას, რომ გაათმაგებულია მოთხოვნა. იმხელა რაოდენობის ღვინოს მთხოვენ, რომ 2-3 წელი დამჭირდება აღნიშნული მარაგის შესავსებად. 

რაც შეეხება ევროპას - აქ მოთხოვნა სტაბილურად არის. როგორც წინა წლებში - ხან მაღალი მოთხოვნაა, ხან დაბალი", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, "ღვარძელაშვილის მარანს", ფაქტობრივად, 1 ვიზიტორიც აღარ ჰყავს.

"ახალი წლის დღეებში გვქონდა მუშაობა, თუმცა დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ შეჩერდა. გაყინული მდგომარეობაა", - აღნიშნა გიორგი ღვარძელაშვილმა.

ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარნის" ღვინო ექსპორტზე, 8 ქვეყანაში იყიდება. ესენია: აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია. მარანი ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის.

თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.

გამოგვყევით