logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი საბაჟო ტერმინალი, მეტი საწყობი ამანათების გადამუშავების მიმართულებით -"ინექს ჯგუფი"

საფოსტო ბიზნესში კურიერების დეფიციტია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ინექს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოწვევას წარმოადგენს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაც.

როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, საკადრო და ინფრასტრუქტურული გამოწვევები განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოიკვეთა, როცა ქართულ ბაზარზე ონლაინ გაყიდვების რამდენიმე ახალმა, საერთაშორისო პლატფორმამ დაიწყო საქმიანობა, საიდანაც მოზღვავებული რაოდენობის ამანათები შემოვიდა.

საფოსტო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს საფოსტო ბიზნესი ამ მოცულობის ამანათების გატარებისთვის მზად არ აღმოჩნდა, რამაც შეფერხებები გამოიწვია. აქედან გამომდინარე, სექტორში აუცილებლად მიიჩნევენ ახალი საბაჟო ტერმინალების დამატებას, რათა გაიზარდოს ამანათების გადამუშავება და მიწოდების სისწრაფე.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი საბაჟო ტერმინალი, მეტი საწყობი - კონკრეტულად ამანათების გადამუშავების მიმართულებით და მეტი სორტირების ცენტრი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ წლის ბოლოს „ინექს ჯგუფი“ ასრულებს თავისი საკუთარი საბაჟო ტერმინალის მშენებლობას და ამ ტერმინალის მეშვეობით, მოვემსახურებით არა მხოლოდ ჩვენს ამანათებს, არამედ სხვა კომპანიის ამანათებსაც, შესაბამისად, ეს საგრძნობლად გაზრდის გადამუშავებული ამანათების რაოდენობას და  მიწოდების სისწრაფეს. რაც შეეხება კადრებს, მათი დეფიციტი საქართველოში ყოველთვის არის. კონკრეტულად 2024 წელს, ძალიან გამოიკვეთა კურიერების ნაკლებობა იმიტომ, რომ გლობალურ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს აქვთ მისამართზე ჩაბარების მოთხოვნა და შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, კურიერი სჭირდება“, - განმარტა „ინექს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ბაბუნაშვილი ფიქრობს, რომ მომავალში ონლაინ გამოწერები საქართველოდან კიდევ უფრო გააქტიურდება, ვინაიდან, ქართულ ბაზარზე შემოსვლით, ონლაინ გაყიდვების სულ უფრო მეტი უცხოური პლატფორმა ინტერესდება. ამასთან, ვაჭრობის ეს ფორმა მომხმარებლებისთვის უფრო ბიუჯეტურია, რის გამოც მათი ინტერესი გამოწერების მიმართ მზარდია.

ის, რომ ქართველი მომხმარებლები ელექტრონული კომერციის კუთხით აქტიურები არიან, ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187 მლნ ლარს გადააჭარბა. საწარმოების შემოსავლების 74 პროცენტამდე კი სწორედ ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული. ამჟამად, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ამანათები ჩინეთიდან, აშშ-დან და თურქეთიდან შემოდის. მომხმარებლები უმეტესად ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს იწერენ.

გამოგვყევით