logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მიმდინარე წელს გაყიდვები 25%-ით გაგვეზარდა - "ქართული კალათა"

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს გაყიდვები 25%-ით გაგვეზარდა, - ამის შესახებ ტრადიციული პროდუქტების კომპანია "ქართული კალათასდირექტორმა ვაკო ელისაბედაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან.

"პანდემიის შემდეგ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა აღნიშნული პერიოდის შემდეგ წლიდან წლამდე მზარდ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ. ახალი წლის პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ტკბილეულზე. გარდა ამისა, მაისიდან ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

თავდაპირველად, პროდუქციის კონცეფცია ტურისტებზე იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი მომხმარებლების 60%  უცხოელები არიან, 40% -  ქართველები. ჩვენს პროდუქციას ქართველები ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ, თუმცა ბოლო დროს ვცდილობთ, რომ ქართველი მომხმარებლებისთვისაც საინტერესო გავხადოთ და საკუთარი თავისთვისაც შეიძინონ. მაგალითად, ჩვენი ბრენდული მაღაზია, რომელიც თბილისში, დოლიძეზე მდებარეობს, თითქმის სრულად ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება, ხოლო მეორე მაღაზია ბამბის რიგში როგორც უცხოელებს, ისე ქართველებს", - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი. 

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

ვაკო ელისაშვილის ინფორმაციით, კომპანია ლანჩხუთში ახალი საწარმოს აშენების შემდეგ, როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისება, ასევე საექსპორტო მიმართულებით განვითარებას გეგმავს. 

ცნობისთვის, კომპანია "ქართულ კალათა" ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. ამჟამად, კომპანიას მცირე საწარმო აქვს თბილისში, თუმცა, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან გურიაში, ლანჩხუთში ახალ საწარმოს გახსნის. მათი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში და ონლაინ. გარდა ამისა, კომპანიას თბილისში 2 ბრენდული მაღაზია აქვს და ასევე, ბაზარი ორბელიანზე და "გალერია თბილისში" სტენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი მიმართულება ქართული ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციაა. "ქართულ კალათაში" შედის ისეთი პროდუქტები როგორიც არის: ტყემალი, აჯიკა, გოზინაყი, ჩურჩხელა, სანელებლები, ჯემები, ჩაი, ზეთი და ა.შ. პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანია აწარმოებს, თუმცა შეფუთვასა და რეალიზაციას "ქართული კალათა" უწევს.

გამოგვყევით