ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია "შოკოტელას" გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ე.წ. დუბაის შოკოლადის ფილაზე გაზრდილი მოთხოვნაა.
"დუბაის ტრენდული ფილების ანალოგი შევქმენი ქართული ბაზრისთვის, რაზედაც მოთხოვნა ძალიან მაღალია. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტიც ამჟამად სწორედ ეს არის. ჩვენი მომხმარებლები არიან ქართველებიც და უცხოელებიც, თუმცა აღნიშნული პროდუქტით ძირითადად ქართველები ინტერესდებიან. ამ ეტაპზე ჩვენი შოკოლადები მხოლოდ ჩვენს ქსელში იყიდება და ახლო მომავალში სხვა ქსელში შესვლას არ ვგეგმავ, რადგან მასიური წარმოების რესურსი არ გამაჩნია", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "შოკოტელა" აგვისტოს ბოლოს მეორე ფილიალს დაამატებს. მარიამ კაპანაძის თქმით, ფილიალი თბილისში, ტურისტულ უბანში გაიხსნება.
ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.