ჩირის საშრობი აპარატების მწარმოებელი კომპანია „ენლილის“ დამფუძნებელი, სტარტაპერი ბადრი ციქუბაძე ‘’ბიზნესპარტიორთან“ აცხადებს, რომ მაღალი მოთხოვნის გამო წარმოებას აფართოებს.
კერძოდ, კომპანია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, რომელიც ზაფხულში ამოქმედდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 55 000 ლარია.
როგორც ცინქუბაძე განმარტავს, ადგილობრივი და უცხოური ბაზრებიდან ჩირის საშრობ აპარატებზე დიდი ინტერესია. ამ მხრივ გავლენას ახდენს ტექნიკის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და სიმარტივე.
‘’მოთხოვნა გაცილებით მეტია იმაზე, რა მოლოდინებიც გვქონდა. 2023 წლის ზაფხულში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 300%-ით გაიზარდა და ეს დინამიკა წელსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, წარმოებას ვაფართოებთ. ჯართში ბევრი ტექნიკა იყრება და რამდენიმე პროტოტიპი მისგან გავაკეთე, თუმცა მაღალი სტანდარტია საჭირო, რაც საწარმოს გადაიარაღებას მოითხოვს. სტაბილური სისტემაა, ენერგოეფექტური, უცხოეთიდან შემოტანილი საქონლისგან განსხვავებით, ტექნიკის კონსტრუირება მარტივად მოსახერხებელია. მთლიანად ავტომატიზებული სისტემაა, რაც მეწარმეებს საწარმოო ციკლის მოწყობაში ეხმარება“, - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.
რაც შეეხება ექსპორტს, სომხეთსა და სლოვაკეთში იგეგმება, სადაც პირველი საცდელი პარტია წლის ბოლომდე გავა.
''სომხეთში ძირითადად 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე პროდუქცია სჭირდებოდათ. ამისთვის მნიშვნელოვანი პირობაა ტექნიკა აღჭურვილი იყოს ბატარეებით, რათა წვიმიან ამინდშიც იმუშაოს. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მოწყობილობა ინოვაციურია“, - განმარტავს ბადრი ციქუბაძე.
‘’ენლილის“ ჩირის საშრობი აპარატები ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოებისთვის იყო გათვლილი, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ბოლო დროს გაჩნდა მოთხოვნა მსხვილი საწარმოების მხრიდანაც, ტექნიკით HoReCa სექტორიც დაინტერესდა.
მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 250 აპარატის წარმოება. წინა წელს ეს მაჩვენებელი 170-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, ‘’ენლილი“ ქართულ ბაზარზე 2022 წელს დაფუძნდა. საწარმოს გაფართოების პროექტი ნაწილობრივ დააფინანსა მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში (Mercy Corps Georgia). მანამდე კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მეწარმეს 6000 -ლარიანი გრანტით დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ციქუბაძე "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. მეწარმეს 170 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდა, თუმცა შარქების დაინტერესება ვერ შეძლო.