logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გირაოს ბაზარზე სანდო შეთავაზებები იშვიათია – კომპეტენტური პირის გარეშე გარიგება დიდ რისკს შეიცავს" - მაია გამზარდია

გირაოს ბაზარზე სანდო შეთავაზებები იშვიათია – კომპეტენტური პირის გარეშე გარიგება დიდ რისკს შეიცავს, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო "ჯეორეალთის" დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამართული გირაო ძალიან ძვირია და ბაზარზე ასეთი შეთავაზებები დეფიციტშია.

"გირაო ყოველთვის პრობლემა იყო. გირაო არის სესხი და იპოთეკური ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების უფლებით. დამგირავებლისთვის იმ ბინაში ცხოვრებაა სარგებელი, რომელსაც ტვირთავს იპოთეკით, სხვა პროცესი არც უნდა განიხილონ დამგირავებლებმა. გამართული საბუთების მქონე შეთავაზებები ბაზარზე ყოველთვის დეფიციტურია. ახლაც, ძალიან ბევრი განცხადებაა ე.წ. "გირაო", მაგრამ ხშირად არასწორი მიმართულებით სთავაზობენ ადამიანებს, რამაც შეიძლება დამგირავებლების ფინანსებს პრობლემა შეუქმნას. თუ გამართულ გირაოზე ვისაუბრებთ - ძალიან რთულია ასეთი შეთავაზებების პოვნა, რადგან ცოტაა შეთავაზებები ბაზარზე და საკმაოდ ძვირია.

ამ მიმართულებით, კონტროლის სახელმწიფო მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი რაც დაინტერესებულ პირს შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ ყველა დეტალი გაიაროს, საბროკერო კომპანიებთან, იურისტებთან ან ნოტარიუსებთან. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე მომხმარებლებს, რომ არ შეცდნენ და ყოველთვის გაიარონ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან", - აცხადებს მაია გამზარდია.

რაც შეეხება ქირის ტენდენციებს - როგორც უძრავი ქონების სააგენტო "ჯეო რეალთის" დამფუძნებელი აღნიშნავს, კომერციული თვალსაზრისით იჯარა ყოველთვის მოთხოვნადია და საოფისე და კომერციული ფართების მიწოდება ნაკლებია. საცხოვრებელი ბინის ქირის მიმართულებით კი მოთხოვნა ცალსახად შემცირებულია და შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი ბინის ქირის ფასი შარშანდელთან შედარებით შემცირდა, სხვადასხვა სეგმენტზე სხვადასხვა პროცენტით და შედარებით ლოგიკურ ნიშნულს უბრუნდება.

გამოგვყევით