"გრინვეიმ" ტრანსპორტის და გზების ასოციაციასთან (GTRA) დავა სააპელაციო სასამართლოშიც წააგო. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სს „გრინვეი საქართველო“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას და მის თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს ედავებოდა რომ 2020 წელს ასოციაციის მიერ გამოცემული კვლევა, რომელშიც მონაწილეობას ინსპექტირების დარგის 20-ზე მეტი ექსპერტი იღებდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
კერძოდ, ასოციაციის ინფორმაციით, კვლევაში ნათქვამი იყო, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების 200 000-მდე მოსახლე დატოვებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გარეშე და „გრინვეი“ არ ასრულებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ და არ აწვდის ინსპექტირების მომსახურებას გადასატანი ხაზებით.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ „გრინვეი“ მიიჩნია საჯარო პირად, რადგან რეფორმის შედეგად მხოლოდ მას აქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული მოძრავი ხაზებით ოპერირების უფლება. შესაბამისად, „გრინვეი“ საქართველო მოქცეულია საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და მის გადაწყვეტილებებს გავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. „გრინვეის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან მან ვერ დაამტკიცა კანონდარღვევა. ამასთან არ არსებობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევა და დაუშვებელია კვლევაში გადმოცემული და საზოგადოების მიერ გავრცელებული მოსაზრების შეზღუდვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა "გრინვეი საქართველო" და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე "გრინვეი საქართველომ" ვერ შეძლო დარღვევის დამადასტურებელი და საქალაქო სასამართლოს გაუქმების არგუმენტების წარდგენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 30 ოქტომბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა სს „გრინვეი საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისა და მისი თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ადვოკატი ლევან ალაფიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში..
გარდა ამისა, დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ „გრინვეი“ აღნიშნული ქმედებით აზიანებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს, რეფორმას, სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნესგარემოს, ხოლო მოსახლეობის მიმართ იჩენს მიუღებელ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას
„არსებობს რეფორმის დაწყებიდან დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, რომლის გამოც ხელი ეშლება ინსპექტირების რეფორმის გატარებას ევროდირექტივების შესაბამისად. რეფორმის დაწყებამდე (2017 წელს) ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ინსპექტირების, როგორც მომსახურების, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დღეს მიღებული სურათით კი, ინსპექტირების 3 მოძრავი ხაზი, რომელსაც ექსკლუზიურად ფლობს „გრინვეი“, გადაიქცა უძრავ ხაზებად და ამ მიზეზით ინსპექტირება არ მიეწოდება 15-ზე მეტ მუნიციპალიტეტს, იქ სადაც ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციით, გაწერილი გრაფიკის შესაბამისად უნდა ემოძრავა ინსპექტირების ხაზებს. ჯერ კიდევ 2020 წელს ჩატარებულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ სამივე მოძრავი ხაზი განთავსებული იყო მოქმედი ინსპექტირების ცენტრების მიმდებარედ, რითაც „გრინვეი“ უგულებელყოფდა ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციებს და მაღალი ალბათობით მარკეტინგული შეხედულებების გამო არ აწვდიდა მომსახურებას მთიან მუნიციპალიტეტებს. მდგომარეობა დღესაც უცვლელია. კომპანიის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია, რომ მთიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იძულებულია დამატებით გასწიოს ხარჯი და გაიაროს მრავალი კილომეტრი ინსპექტირებისათვის. „გრინვეი“ არ აწვდის მომსახურებას 15-ზე მეტ მუნიციპალიტეტს, ხოლო ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმდებიან მძღოლები. ინსპექტირების მოძრავ ხაზებთან დაკავშირებით „გრინვეიმ“ უკვე 2 სასამართლო პროცესი წააგო საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კომპანიის დამაზიანებელი ქმედებები. მთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა რომელიც განსაკუთრებული შეღავათებით უნდა სარგებლობდეს, მხოლოდ ერთი კომპანიის მიზეზით უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მძღოლი ჯერ ახორციელებს პირველ ვიზიტს ინსპექტირების ცენტრში, დახარვეზებისას ბრუნდება მთიან რაიონში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით სტუმრობს ქალაქის ცენტრს და კვლავ ბრუნდება რაიონში. მათთვის ინსპექტირების საფასური 60 ლარი, უსამართლო სქემის გამო დაახლოებით სამმაგდება. იმედია, შესაბამისი სტრუქტურები რეაგირების გარეშე არ დატოვებენ აღნიშნულ პრობლემატურ საკითხს და „გრინვეიც“ გაიაზრებს, რომ ამ ქმედებით აზიანებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს, რეფორმას, სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნესგარემოს, ხოლო მოსახლეობის მიმართ იჩენს მიუღებელ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.
აღნიშნულ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორი" ცდილობს კომპანია "გრინვეისაც" დაუკავშირდეს. მის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.