ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია "ჰოდა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სახლის საყოფაცხოვრებო ნივთებს, დეკორაციებსა და სუვენირებს აწარმოებს, ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" წარმოების დამფუძნებელი, ქრისტინე ძაგნიძე აღნიშნავს, ახალი კოლექცია მაღალი ხარისხის, გერმანული თიხისგან დამზადდება და რეალიზაციაში დაახლოებით, 2 თვეში ჩაეშვება.
ამასთან, "ჰოდას" დამფუძნებლის ინფორმაციით, ბაზრის კვლევა უკვე ჩატარდა და როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მომხმარებლებს ხელნაკეთი ნივთების შეძენა განსაკუთრებით მოსწონთ. ქრისტინე ძაგნიძის თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, რაც კმაყოფილ მომხმარებლებს უკავშირდება.
"როგორც სახელოსნო, ასევე მაღაზია თბილისში მაქვს. ნედლეული ძირითადად თურქეთიდან შემოდის, თუმცა ქართულ მასალასაც ვყიდულობ. რაც შეეხება პროდუქტის ფასების დიაპაზონს, საშუალო ღირებულება - 15 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს. სახელოსნო ობიექტზე ყველაფერი ჩანს, თუ როგორ ვამზადებთ ნივთებს, ეს ნიშა განსაკუთრებით უცხოელებს მოსწონთ. ამასთან, "ვორქშოფები" გვაქვს, სამუშაო შეხვედრების მიმართ დაინტერესება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე უცხოელების მხრიდან საკმაოდ მაღალია. მასალის დამზადებას, რაც შეეხება - თიხას ღუმელში ვწვავთ, ხოლო ნივთების გაშრობას, სხვადასხვა, დრო სჭირდება", - აცხადებს ქრისტინე ძაგნიძე.
მეწარმე უშუალოდ, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თვეში მინიმუმ 50-ზე მეტი ნაკეთობა იყიდება.
"მყიდველების 60%-ი უცხოელები არიან, როგორც სახელოსნო, ასევე მაღაზია, ტურისტულად აქტიურ ადგილას მდებარეობს და ეს ფაქტორი გაყიდვებზე ცხადია, მოქმედებს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ნივთებს სოციალური ქსელის მეშვეობით იძენს. უცხოელი ტურისტებიდან აზიელი ვიზიტორები აქტიურობენ, ასევე ევროპელი მომხმარებლებიც ხშირია. განსაკუთრებით შემიძლია, ჩინელი სტუმრები გამოვყო, ხელნაკეთი ნივთები აინტერესებთ.
კონკურენციის ჭრილში, რომ გესაუბროთ, ქვეყანაში ანალოგიური სახელოსნოები საკმაოდ მომრავლდა, მოგეხსენებათ, შემოსავლიანი საქმეა, თიხასთან მუშაობა დიდი რელაქსაციაა და რაც მთავარია, მომხმარებლებმა ხელნაკეთი ნივთები უფრო დააფასეს", - აღნიშნავს ქრისტინე ძაგნიძე.
მეწარმის თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით პროდუქტის გაყიდვები საკმაოდ პოპულარულია.
"ამ ხაზით მინდა, რომ უფრო აქტიური გავხდე, უცხოურ საიტებზე დავრეგისტრირდე, რადგან დღეს პროდუქტის გაყიდვების ჭრილში, მარკეტინგულ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს ქრისტინე ძაგნიძე.
ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია "ჰოდა", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სახლის საყოფაცხოვრებო ნივთებს, დეკორაციებსა და სუვენირებს ყიდის ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. აღნიშნული ბრენდის სახელოსნო და მაღაზია ძველი თბილისის უბანში მდებარეობს.