"სინომი რითეილის" ხელმძღვანელის რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, კომპანიამ სექტემბრის დასაწყისიდან, გარკვეულ ბრენდებში ფასების დაწევის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც პროდუქციის გაყიდვების ორნიშნა ზრდა გამოიწვია.
როგორც მან, "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, გაყიდვების ზრდის გარდა, მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანიის ონლაინ პლატფორმები უფრო კონკურენტუნარიანი გახადა საზღვარგარეთის ონლაინ პლატფორმებთან მიმართებაში.
რევაზ მაღალაშვილის თქმით, საერთო ჯამში, ამ ეტაპზე კომპანიას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-იანი ზრდა აქვს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინამიკაში ბოლო თვეებში ორნიშნა, დაახლოებით, 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა.
"ჯერ არ დასრულებულა წელი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. ბოლო თვეებში გაყიდვების ორნიშნა ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმა, რომ ჩვენ ახალი სეზონიდან ფასები არაერთ ბრენდში დავწიეთ. სწორედ, ამან მომხმარებლების და შემოსავლების რაოდენობის ზრდა გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გაყიდვების დინამიკა მზარდია, დეტალებს რომ დავაკვირდით ვნახეთ, რომ იყო მაჩვენებლების გაუმჯობესების საშუალება. ბრენდებში ფასების დაწევით ფასების კლების პროპორციულად კი არ გაიზარდა შემოსავლები, არამედ გაცილებით მეტად. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კომერციულად ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება იყო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომერციულად საინტერესო იყო, ამასთან გაცილებით უფრო კონკურენტულები გავხდით მზარდი ონლაინ გამოწერების მიმართ. ჩვენ გვაქვს ონლაინ პლატფორმები და ეს მიმართულებაც უფრო კონკურენტუნარიანი გახდა საზღვარგარეთის ონლაინ პლატფორმებთან მიმართებაში. ჩვენს მაღაზიებში ის ხალხიც მოვიდა, რომელიც ონლაინ გაყიდვებს ანიჭებდა უპირატესობას. ეს ჩვენ რაოდენობაში დავინახეთ. მაგალითად, ბოლო 1 თვეში, დაახლოებით 50%-ით მეტ ერთეულ პროდუქციას ვყიდით იმ ბრენდებში, რომლებშიც ფასები დავწიეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მომგებიანი ნაბიჯი როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის და მომწოდებლებისთვის, რომლებიც უფრო და უფრო მეტ კოლექციებს გვიგზავნიან", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
რაც შეეხება "შავ პარასკევს" - "სინომი რითეილის" ხელმძღვანელი აღნიშნულ პერიოდში პროდუქციის უფრო მეტ რეალიზაციას ელოდება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გარკვეულ ბრენდებში ფასები დავწიეთ და ამას "შავი პარასკევის" ფასდაკლებები დაემატება, ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, რევაზ მაღალაშვილმა ბათუმში 2023 წლის ოქტომბერში გახსნილი 10 მაღაზიის განვლილი წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
"ეს იყო პირველი სრული წელი ბათუმისთვის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით, 25%-ით აღემატებოდა შედეგები იმ მონაცემებს, რასაც ვვარაუდობდით", - აცხადებს "სინომი რითეილის" ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.