ერთ-ერთი მთავარი, რასაც ინვესტორები ითხოვენ - ეს არის სასაწყობე ინფრასტრუქტურა. ჩვენ ჩვენს საკუთრებაში კი გვაქვს სასაწყობე ფართები, რომლებიც გრძელვადიანი იჯარით უკვე ყველა გაქირავებულია, მაგრამ კიდევ არის მოთხოვნა, - ამის შესახებ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ თიზ-ში დაარეგისტრირონ კომპანიები და თავად ააშენონ სასაწყობე ფართები.
"ტვირთბრუნვა გაიზარდა და ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ფარმაცევტული კომპანიებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამუშავდა ახალი რეგულაციები და მათთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება A კლასის საწყობებში შესვლა. შესაბამისად, ჩვენი აქცენტები ახლა გადასულია, რომ როგორც ჩვენ ავაშენოთ და შევქმნათ ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა, ასევე რიგ შემთხვევებში ინვესტორებს, ვისაც ამის სურვილი აქვს მივცეთ საშუალება დაარეგისტრირონ კომპანიები და თვითონ ააშენონ სასაწყობე ფართები, რომლებიც მოემსახურებიან თავიანთ პროდუქციის შენახვას. საწყობის განვითარების მიმართულება თუ ადრე შეზღუდული იყო და ამის უფლება ჰქონდა მხოლოდ ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორს - დღევანდელი მოცემულობით ინვესტორებსაც ვაძლევთ ამის საშუალებას", - აცხადებს გიორგი ებრალიძე.
გარდა ამისა, როგორც ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ინდუსტრიულ ზონაში ახალი პროექტების შემოყვანა იგეგმება.
"თიზ-ის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ამ ინტერესს სჭირდება კონკრეტული მუშაობა, რომელ ქვეყნებს შეიძლება აინტერესებდეს საქართველოში ინდუსტრიული ზონები. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სექტორების დაყოფა. ჩვენს მიერ წინასწარ ხდება კონკრეტული სექტორების შესწავლა და ამის მიხედვით ჯგუფი ვინაწილებთ ქვეყნებს. შემდეგ სხვადასხვა არხის გამოყენებით ხდება თარგეთირება კომპანიების. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, თუმცა დღეს, რომ ჩვენ თიზ-ში 110 კომპანია გვყავს ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი არის, უბრალოდ ამ ინტერესს სწორად მიდგომა სჭირდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, წლის ჭრილს გვყავს ისეთი კომპანიები, რომელთაც აღარ უნდათ კონკრეტული საქმიანობის გაგრძელება და სურთ თიზ-ებიდან გასვლა, თუმცა ახალი კომპანიების რიცხვი ყოველთვის აჭარბებს ამას და მზარდია. წლის დასაწყისში ჩვენ ვამტკიცებთ სამოქმედო გეგმასაც და აქცენტი გვაქვს რამდენიმე კომპანიაზე, რიგ შემთხვევაში ესენი არიან სავაჭრო კომპანიები და ვექტორი გვაქვს აღებული ინდუსტრიულ სექტორებზე. მუშაობა გრძელდება აქტიურ რეჟიმში. ამ ეტაპზე თიზ-ის ტერიტორიის მხოლოდ 20%-ია ათვისებული", - აცხადებს ებრალიძე.
ცნობისთვის, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2008 წლიდან მოქმედებს.