ივნისიდან "კულას" წვენები თუნუქის ქილებში გამოჩნდება. როგორც საკონსერვოს დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, საწყის ეტაპზე თუნუქის ქილებში რამდენიმე სახეობა ჩამოისხმება.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი იქნება.
"ვემზადები და ვმუშაობთ ახალი პროდუქტის დამატებაზე. ახლა ველოდებით დანადგარებს, რომლითაც დავიწყებთ უკვე წვენის თუნუქის ქილებში ჩამოსხმას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე გავიტანოთ. გვაქვს იმედი, რომ ახალი პროდუქტი გაზაფხულზე უკვე გაყიდვაში იქნება", - აცხადებს ვანო გოგლიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად წარმოება მუდმივად ვითარდება და ცდილობს ახალი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებლებს. ვანო გოგლიძის ინფორმაციით, "კულას" გაყიდვები წინა წელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია და კომპანია უცხოეთის ბაზრებზეა ორიენტირებული და არსებული მონაცემებით, წარმადობის 75% სწორედ, უცხოეთში იყიდება.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა" ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.