გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელმა ერთადერთმა კომპანია Chizzzy-მ თბილისში, შალვა დადიანის ქუჩაზე კაფე-მაღაზია სატესტო რეჟიმში გახსნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, ობიექტი რამდენიმე დღის წინ გახსნა და მომხმარებლები უკვე ჰყავს.
"ნელ-ნელა ვიკავებთ ჩვენს ადგილს ბაზარზე. ამჟამად ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობაა, თუმცა ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივები. ეს არის ოჯახური ბიზნესი და მცირე ინვესტიციით მოხდა აღნიშნული ობიექტის გახსნა. ადგილზე მომხმარებლებს ხაჭაპურის დაგემოვნება და შეძენა შეუძლიათ", - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.
გარდა ამისა, კომპანია მიმდინარე წელს ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს და როგორ chizzzy-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, ამჟამად ინვესტიციის მოძიების ეტაპზე არიან.
"საწარმოს მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიებისთვის გვინდა აქტიური მოლაპარაკებები დავიწყოთ კერძო ინვესტორებთან, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან და ვნახოთ რა იქნება. საწარმოს აშენებისა და გახსნის შემდეგი კი ასორტიმენტის გაფართოებას ვგეგმავთ, მათ შორის, გაყინული იმერული ხაჭაპურის და ლობიანის დამატებას", - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.
კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.