პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრას სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ბიზნესწარმომადგენლები ესწრებოდნენ და მათი სურვილია ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
„მსჯელობა გვქონდა ბიზნესის ფართო წარმომადგენლობასთან. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო დიალოგის რეჟიმში წარმართა ეს შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს უმსხვილესი ბიზნესი. აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე, მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესი - ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლების კურსს, ადამიანები, რომლებსაც კითხვები გააჩნიათ. ვფიქრობ, პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რაც დღეს ქართულ ბიზნესს აწუხებს. განსაკუთრებით საუბარი იყო პერსპექტივაზე და მომავლის ხედვაზე, მათ შორის ხელისუფლების კურსზე.
პრემიერმა დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული, საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ. რა თქმა უნდა შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაშია. რა თქმა უნდა როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს, სურს სიმშვიდე და კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. ბიზნესი პოლიტიკური მოვლენების მიმართ მგრძნობიარეა, შესაბამისად მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.